ზვიად ზვიადაძე - ვიმედოვნებთ, ცხინვალის მიმართულებით გადასასვლელებს გახსნიან და აღდგომის დღესასწაულზე ადამიანებს შეეძლებათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრა, მიცვალებულებისთვის პატივის მიგება
ზვიად ზვიადაძე - ვიმედოვნებთ, ცხინვალის მიმართულებით გადასასვლელებს გახსნიან და აღდგომის დღესასწაულზე ადამიანებს შეეძლებათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრა, მიცვალებულებისთვის პატივის მიგება

დღეს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრაზეც გვქონდა პოზიტიური სიგნალები და დღესაც გაიმეორეს ცხინვალის წარმომადგენლებმა, გვაქვს დიდი იმედი, რომ დადგენილი დროით, ხუთი დღით ადრე გახსნიან გადასასვლელებს და ადამიანებს შეეძლებათ, აღდგომის დღესასწაულზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთარ სახლებში მოხვედრა, თავიანთი მიცვალებულებისთვის პატივის მიგება, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ზვიადაძემ განაცხადა.

„რაუნდი საკმაოდ მძიმე იყო და, სამწუხაროდ, როგორც წინა შემთხვევაში, საბოლოოდ არ შედგა იმ დესტრუქციული ქმედებების გამო, რუსეთის ფედერაციისა და მათთან ერთად, სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლების გამო, რომლებმაც დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს სამუშაო შეხვედრა. ჰუმანიტარულ ჭრილში ყველა საკითხი, რომლებიც შეეხება ჩვენი მოქალაქეების უფლებრივ გაუმჯობესებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენ უმკაცრესად დავაყენეთ, შესაბამისად, განხილვებიც საკმაოდ მწვავედ მიმდინარეობდა. დღეს რაიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზეც გვქონდა პოზიტიური სიგნალები და დღესაც გაიმეორეს ცხინვალის წარმომადგენლებმა, შემიძლია, ვთქვა, გვაქვს დიდი იმედი, რომ ე.წ. გადაწყვეტილებით, დადგენილი დროით, ხუთი დღით ადრე გახსნიან გადასასვლელებს ცხინვალის მიმართულებით და ადამიანებს შეეძლებათ, აღდგომის დღესასწაულზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთარ სახლებში მოხვედრა და თავიანთი მიცვალებულებისთვის პატივის მიგება“, – განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

რაც შეეხება სრულმასშტაბიანად საფლავების მონახულების შესაძლებლობას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ახალგორის ტერიტორიაზე არ ცხოვრობენ, ზვიადაძის თქმით, ეს საკითხი დღესაც ღიად დარჩა და გადაწყვეტილება ან რაიმე სიგნალი ამასთან დაკავშირებით ქართულ მხარეს არ მიუღია.

„განსაკუთრებით მწვავედ იყო დღეს განხილვაში თავისუფალი გადაადგილების თემა ორივე მიმართულებაზე და აქ ჩვენი მოთხოვნაა, რომ ადამიანებმა შეძლონ საკუთარი საცხოვრებელი სახლებისკენ გადაადგილება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე“, – აღნიშნა ზვიად ზვიადაძემ.