ქეთევან ციხელაშვილი - აშკარაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურად ქართველი დირექტორების გათავისუფლების პროცესი დაიწყო
ქეთევან ციხელაშვილი - აშკარაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურად ქართველი დირექტორების გათავისუფლების პროცესი დაიწყო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ოკუპირებული ახალგორის ნომერ პირველ საშუალო სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილი და სოფელ იკოთის საშუალო სკოლის დირექტორი მზია ფსუტური გაათავისუფლეს.

როგორც სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმ რეპრესიებისა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემაში.

„ის, რაც ხდება ახალგორში, კიდევ მეტად ამცირებს მოსწავლეების მოტივაციას და შესაძლებლობებს, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ, ისედაც დაცარიელებულ ახალგორში, რომელიც დღეს არის სრულ იზოლაციაში“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

მისი თქმით, აშკარაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურად ქართველი დირექტორების გათავისუფლების პროცესიც დაიწყო.

„მოგეხსენებათ, რომ რუსიფიკაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და შვიდ ქართულ სკოლაში უკვე ექვსი წელია, სასწავლო პროცესი ეტაპობრივად რუსულ ენაზე გადადის, რაც ქართველი მოსწავლეების განათლების ხარისხს მნიშვნელოვნად აზარალებს, რამდენადაც მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება აქვთ შეზღუდული.

მეორეს მხრივ, 4 სექტემბერს ახალგორის ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვის შემდეგ, ახალგორის სკოლების 10 მასწავლებელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა და ვერ მოახერხა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ქართველი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურად ქართველი დირექტორების გათავისუფლების პროცესიც დაიწყო, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს იმ გარემოს, რომელშიც ქართველ მოსწავლეებს უხდებათ განათლების მიღება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.