სოფელ პერევის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების მიერ გადასასვლელების ჩაკეტვის გამო, ახალგორში შესაძლოა, ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნას
სოფელ პერევის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების მიერ გადასასვლელების ჩაკეტვის გამო, ახალგორში შესაძლოა, ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნას

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების მიერ სოფელ პერევში არსებული ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, შესაძლოა, ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნას.

როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბარში საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში მცხოვრებლებმა განაცხადეს, ახალგორში არ არის აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტს არ ეყოლება ექიმი.

ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამ კორონავირუსის პრევენციის გამო მიიღო.

„როგორც ვიცით, ჩაკეტეს ვირუსის გამო. როდის გაიხსნება, არავინ ვიცით, იცის უფალმა და პუტინმა. რა თქმა უნდა, იქ მცხოვრებლებს შეღავათი ჰქონდათ. გადმოდიოდნენ, ყიდულობდნენ საჭირო ნივთებს, პროდუქტს, მედიკამენტებს, ახლა რა უნდა ქნან? ექიმიც თუ ვინმეს დასჭირდებოდა, აქედან მიყავდათ”, – განაცხადა სოფელ პერევის მკვიდრმა, მერაბ გაბაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით დაადასტურეს ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ. გამშვები პუნქტის დახურვის ფაქტი.

როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM).

„საოკუპაციო ძალების მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები, მათ შორის გადასასვლელების დახურვა, მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას და არღვევს მათ ფუნდამენტურ უფლებებს“, – აცხადებენ სუს-ში.