თამარ გიგაური, რომელმაც ოკუპირებულ ახალგორში რამდენიმე თვის წინ დაზიანებები მიიღო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს გადმოვიდა
თამარ გიგაური, რომელმაც ოკუპირებულ ახალგორში რამდენიმე თვის წინ დაზიანებები მიიღო, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს გადმოვიდა

თამარ გიგაურმა, რომელიც ოკუპირებულ ახალგორში რამდენიმე თვის წინ ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო, ახალგორი დღეს დატოვა, ის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გიგაური ორ თვეზე მეტია, ახალგორიდან გადმოსვლას ვერ ახერხებდა, ის მძიმე მდგომარეობაში იყო და შესაბამის სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა.

„ორ თვეზე მეტია, რაც თამარ გიგაური ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დღემდე მას არ ეძლეოდა გადმოსვლის საშუალება. დღეს გადმოვიდა, სახლშია, ხვალიდან ჩაიტარებს შესაბამის სამედიცინო გამოკვლევებს. ის ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო“, – განაცხადა თინიკაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, გიგაური შესაბამისი ე.წ. დოკუმენტის მეშვეობით, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას გუშინ პერევის გადასასვლელიდან აპირებდა, თუმცა კლიმატური პირობების გაუარესების გამო, ეს ვერ მოხერხდა. მან ოკუპირებული ტერიტორია დღეს ახალგორის გადასასვლელიდან დატოვა.

ოკუპირებულ ახალგორში ჭაში ჩავარდნის შედეგად მძიმედ დაშავებულ თამარ გიგაურს თბილისის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ეუბნებოდნენ.

ამასთან, საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელი, რომელიც რამდენიმე თვე იყო ჩაკეტილი, მიმდინარე წლის 24 იანვარს დროებით, 10 დღით გახსნა.