ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელი დროებით გაიხსნა
ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელი დროებით გაიხსნა

საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელი დროებით გახსნა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ახალგორის რაიონის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა.

როგორც ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, ოკუპირებული ახალგორიდან აღნიშნული გადმოსასვლელით სარგებლობა ათი დღის განმავლობაში შეეძლება ყველას, ვისაც ე.წ. დოკუმენტაცია წესრიგში ექნება.

თინიკაშვილის თქმით, ოკუპირებულ ახალგორში 1 400 ადამიანი არის უმძიმეს მდგომარეობაში, მათ არ აქვთ მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება, არის სურსათის ნაკლებობა.

ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საზღვარი დაახლოებით ხუთი თვე იყო ჩაკეტილი.