ნუგზარ თინიკაშვილი - ოკუპირებულ ახალგორში ჰუმანიტარული კატასტროფაა 
ნუგზარ თინიკაშვილი - ოკუპირებულ ახალგორში ჰუმანიტარული კატასტროფაა 

ახალგორის რაიონის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

როგორც ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, 1400 ადამიანი არის უმძიმეს მდგომარეობაში, არ აქვთ მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურების მიღების საშუალება.

„არის სურსათის, პროდუქტების ნაკლებობა. უკვე შეიქმნა ახალგორის საავადმყოფოში კომისია, სამედიცინო ჯგუფი, რომელიც ავადმყოფებს აძლევს თანხმობას და გადმოჰყავთ ახალგორის გამშვები პუნქტიდან. იმედი მაქვს, რომ შემდეგში უფრო სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგმება“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, 60-მდე ადამიანი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებისგან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ნებართვას ელოდება.

ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საზღვარი დაახლოებით ხუთი თვეა, ჩაკეტილია.