ახალგორის მიმართულებით საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო შეზღუდვები აამოქმედა
ახალგორის მიმართულებით საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო შეზღუდვები აამოქმედა

ოძისი-მოსაბრუნის ე.წ. გამშვებ პუნქტზე, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით საოკუპაციო ძალამ კვლავ დააწესა დამატებითი უკანონო შეზღუდვები. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნული უკანონო გადაწყვეტილებით ირღვევა თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლება, რაც კიდევ უფრო ართულებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, აღნიშნულთან დაკავშირებით, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები“, – აცხადებენ სუს-ში.

საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსასვლელი დროებით, 10 დღით გახსნა, თუმცა დღეს კვლავ ჩაკეტა.