ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინის წარმოების კუთხით „ფაიზერს“ ჰქონდა შეფერხება, „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით, ვფიქრობთ, მოწოდება გეგმის მიხედვით განხორციელდება
ეკატერინე ტიკარაძე - ვაქცინის წარმოების კუთხით „ფაიზერს“ ჰქონდა შეფერხება, „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით, ვფიქრობთ, მოწოდება გეგმის მიხედვით განხორციელდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით სამი ხელშეკრულებაა გაფორმებული.

„ნაწილი არის „კოვაქს-პლატფორმასთან“, ნაწილი პირდაპირ მწარმოებელთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს თარგმანის დაზუსტება, ვინაიდან „ფაიზერის“ მხრიდან შეიქმნა გარკვეული შეფერხებები მოწოდებასთან დაკავშირებით, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც საქართველოში არ არის შემოსული 30 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რომ ეს პროცესი უფრო დაჩქარდეს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ტიკარაძის განმარტებით, ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით შეფერხების მიზეზი თავად კომპანია „ფაიზერია“ და არა „კოვაქს პლატფორმა“.

„კოვაქს პლატფორმა“ არ არის შეფერხების მიზეზი, ამის მიზეზი არის თავად „ფაიზერი“, რადგან მას წარმოების კუთხით ჰქონდა შეფერხება, ვერ მოახერხა, დასავლეთის ქვეყნებისთვის და „კოვაქს პლატფორმისთვის“ მიეწოდებინა ის დათქმული რაოდენობა, რომელზეც ხელშეკრულებები არის დადებული. „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით მსგავსი შეფერხებები არ არის და ვფიქრობთ, მოწოდება გეგმის მიხედვით განხორციელდება, პირველი კვარტალი იქნა დასახელებული. რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრიორიტეტია ვაქცინების შემოტანა და ამ მიმართულებით ყოველდღიურად ვმუშაობთ.

ასევე, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დიპლომატიური კორპუსი ინტენსიურადაა ჩართული პროცესში ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს განაცხადი გაკეთებული ვაქცინების გარკვეულ მოცულობებზე, თუმცა მათი მხრიდანაც იგივე მიზეზით ვერ ხერხდება ვაქცინების მოწოდება, რადგან ყველა ქვეყანამ შეისყიდა პირველ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინა.

ვაქცინის მიღების ვადები არის წლის პირველი კვარტალი, ვიცით, რომ მეორე, მესამე კვარტალი იქნება აქტიური მოწოდებების პერიოდი, რადგან ყველა მწარმოებელი ადასტურებს, რომ მათ წარმოებაზე პრობლემები არ ექნებათ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, საქართველოს მოთხოვნა ძირითადად გაგზავნილი აქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ლიცენზირებულ ვაქცინებზე.

„ასევე, აქტიურად ვმუშაობთ იმ ვაქცინების მიმართულებით, რომლებიც აღიარების რიგში დგანან და როგორც კი მიიღებენ აღიარებას, გაფორმდება ხელშეკრულება“, – დასძინა ტიკარაძემ.