ეკატერინე ტიკარაძე - კომისიური წესით, ინდივიდუალურად განვიხილავთ განცხადებებს, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებსაც, ვინც თუნდაც ნამცხვარს ან ყვავილს აბარებდა
ეკატერინე ტიკარაძე - კომისიური წესით, ინდივიდუალურად განვიხილავთ განცხადებებს, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებსაც, ვინც თუნდაც ნამცხვარს ან ყვავილს აბარებდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინდივიდუალურად, კომისიური წესით განიხილება იმ პირთა დოკუმენტაცია, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში და სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდნენ.

ტიკარაძე ამბობს, რომ კომისიური წესით დოკუმენტებისა და განცხადებების განხილვის მიზანია, რომ ასეთი ადამიანების დახმარებაც შეძლონ.

ტიკარაძემ ამ კომენტარით უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც: „ვინც არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, რა ტიპის დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს, მაგალითად, მათ, ვისაც საკუთარ სახლში აქვს სათბურები, აბარებდა ყვავილებს ბაზარზე და არ აქვს არანაირი ხელშეკრულება ბაზრობასთან და ხელზე იღებდა ხელფასს. ძიძები, მძღოლები და ასე შემდეგ. გუშინაც მივიღეთ პასუხი, რომ ისინი დახმარებას ვერ მიიღებენ, თუმცა თუ გყავთ გათვალისწინებული ასეთი ადამიანები, რა ბედი ელით მათ“.

„მე არ ვიცი, გუშინ ვისგან მიიღეთ თქვენ ეს პასუხი, ვინაიდან სამთავრობო მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გამარტივებული პროცედურებით და ასევე ისეთი დოკუმენტაციის დადასტურებით, რომელიც წარმოადგენს, როგორც საბანკო ანგარიშს, ასევე სხვადასხვა დამადასტურებელ დოკუმენტაციას, როგორც იურიდიული პირიდან, ასევე თვითონ ამ ადამიანიდან, რომელიც აბარებდა თუნდაც ნამცხვარს ან თუნდაც ყვავილს, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ კომისიური წესით, ინდივიდუალურად განვიხილავთ ამ განცხადებებს და შევეცდებით, მაქსიმალურად მოვიცვათ ის სოციალური პაკეტები, რომლებიც ჩვენ გავაჟღერეთ. ჩვენ ამ დეტალებსაც განვიხილავთ კომისიური წესით, რათა შევძლოთ და ამ ადამიანებსაც დავეხმაროთ“,- განაცხადა მინისტრმა.

ტიკარაძემ ისაუბრა სარფის საბაჟოზე დასაქმებულ პირებთან დაკავშირებითაც.

კერძოდ, ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა: „სარფის საბაჟოზე დასაქმებული მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურად კვეთდნენ საქართველოს საზღვარს, მუშაობდნენ თურქეთის საზღვარზე დარჩნენ შემოსავლის გარეშე, მათ არ აქვთ დოკუმენტაცია. თუ მუშაობთ ამ მიმართულებით. აჭარის მთავრობა გამოდის ინიციატივით, მიმართოს საქართველოს მთავრობას და უშუამდგომლოს ამ ადამიანებს. თუ შემოვიდა მსგავსი წინადადება?“.

„ამ წინადადების შემოსვლის თაობაზე ჯერჯერობით ჩემთვის ცნობილი არ არის. თუმცა, საზღვრის კვეთის დოკუმენტი, რომელიც გარკვეულწილად ჩვენ მოგვცემს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები იყვნენ უცხოეთში, ისევ და ისევ კომისიური წესით განიხილება, ვინაიდან, ამ შემთხვევაში პროგრამულად და მეტად უფრო მარტივად ჩვენ გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ. კომისიური წესით ეკონომიკის, ასევე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ დავამუშავებთ ამ დოკუმენტაციას და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ შევძლოთ და ამ ადამიანებსაც დავეხმაროთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.