ეკატერინე გორგოძე თბილისის თასის გამარჯვებულია. საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა, მისი საპრიზო ფონდი კი 25 ათასი დოლარი იყო.
ქართველი ჩოგბურთელი ფინალამდე ისე მივიდა, ერთი სეტიც არ წაუგია. გადამწყვეტ შეხვედრაში გორგოძის მეტოქე ჰოლანდიელი ლესლი კერხოვე გახლდათ. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, დაძაბული ბრძოლა ორ სეტში მოიგო – 6:4, 6:4 და თბილისის თასის გამარჯვებული გახდა.
„ეს იყო მშვენივრად ორგანიზებული ტურნირი და მეც კარგ ფორმაში ვიყავი. საკუთარ ქალაქში თამაში სხვა ემოციაა, გულშემატკივრებისგან უდიდესი ემოცია მოდიოდა და მიხარია, რომ გავიმარჯვე“ – ამბობს ტურნირის გამარჯვებული ეკატერინე გორგაძე.
ფინალს თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდა.
„გარდა იმისა, რომ სპორტის განვითარებაზე სახელმწიფო ზრუნავს, თავის მხრივ, თბილისის მერიაც ცდილობს, რომ სპორტი მასობრივი გახდეს და ჯანსაღი ცხოვრების წესი დავამკვიდროთ. „თბილისის თასზე“ 32 ქვეყნის მონაწილე გვესტუმრა და მიმაჩნია, რომ მსგავსი ტურნირები მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქის განვითარებისა და ცნობადობის ასამაღლებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.