ეკა სეფაშვილი - საზღვაო კოდექსში ცვლილებებით სატრანზიტო გადაზიდვებისთვის საქართველოს ნავსადგურები კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება
ეკა სეფაშვილი - საზღვაო კოდექსში ცვლილებებით სატრანზიტო გადაზიდვებისთვის საქართველოს ნავსადგურები კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება

ნავსადგურში შემავალი არხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა ნებისმიერი პორტისათვის. ის არის სახელმწიფო საკუთრება, მაგრამ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ნავსადგურის ღიაობა, შემოსასვლელი არხის ფუნქციონირება კი იყოს უსაფრთხო, აუცილებელია, საკანონმდებლო დონეზე რეგულირდებოდეს სანავსადგურე ერთეულებს შორის ურთიერთობა, თუკი ნავსადგურში მათი რაოდენობა ორი ან მეტია, – განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების კომენტირებისას.

ეკა სეფაშვილის შეფასებით, ცვლილებები განსაზღვრავს, ვინ და როგორ უნდა უზრუნველყოს პორტში შემავალი არხის მოვლა, რათა უზრუნველყოფილი იყო წვდომა საპორტო მომსახურებაზე, დაცული იყოს არხის უსაფრთხოება და შენარჩუნდეს ინფრასტრუქტურით სარგებლობის ერთიანი პირობები.

„საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შემოგვაქვს და ვამკვიდრებთ ტერმინს „სანავსადგურე ერთეული“, ასევე განვსაზღვრეთ მათ შორის ურთიერთობის ფორმები ისეთ ნავსადგურებში, სადაც ორი ან მეტი სანავსადგურე ერთეული ოპერირებს. ცვლილებების თანახმად, შესასვლელი არხის დაღრმავებასა და მოვლა-პატრონობას ახორციელებენ მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით. ისინი ერთობლივად უზრუნველყოფენ არხის საპროექტო დაღრმავებას და ერთმანეთს არ დაუწესებენ არხით სარგებლობის საფასურს. ამასთან, არხის საერთო ნაწილის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ხარჯი განაწილდება სანავსადგურე ერთეულებს შორის, თითოეულ სანავსადგურე ერთეულში, საანგარიშო პერიოდში შესული გემების წყალწყვის ჯამური მაჩვენებლის პროპორციულად. შესაბამისად, ამ არხით მოსარგებლე გემებისგან ასევე პროპორციულად აიღონ საზღაური. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი კონკურენციის პირობები საპორტო ოპერატორს შორის“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ინიცირებული ცვლილებების შედეგად, კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს საქართველოს ნავსადგურები სატრანზიტო გადაზიდვებისთვის და საქართველომ ჯეროვნად და უფრო ეფექტიანად შეასრულოს თავისი სატრანზიტო ფუნქცია.

საზღვაო კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო.