ეკა სეფაშვილი - არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები აქტიურად არიან წარმოდგენილები ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, უნდა ვიცოდეთ, სად იხარჯება მათი ფული
ეკა სეფაშვილი - არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები აქტიურად არიან წარმოდგენილები ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, უნდა ვიცოდეთ, სად იხარჯება მათი ფული

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად იხარჯება არასამთავრობო ორგანიზაციების ფული, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები, ისევე როგორც მედიაორგანიზაციები, საკმაოდ აქტიურად არიან წარმოდგენილები ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფაქტობრივად, პარალელური ხელისუფლებაა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, რომელი დონორი აფინანსებს და რა მიმართულებით იხარჯება ეს თანხა.

„ისტერია, რომელიც გამოწვეულია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მათი დაფინანსება გამჭვირვალე უნდა იყოს, ვფიქრობ, მათ დონორებსაც უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. იმას თუ დავუშვებთ, რომ დონორები არიან დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები, მათ ქვეყანაში გამჭვირვალობა საკმაოდ მაღალ დონეზეა, ისინიც იღებენ შესაბამის კანონპროექტს და უხერხულია მათთვის იმის თქმა, თქვენს ქვეყანაში არის გამჭვირვალობა და ჩვენს ქვეყანაში, მოდი, არ იყოს. კანონპროექტის განხილვა თითქმის დაწყებულია, თუმცა შინაარსში შემოსვლა არავის უნდა, რადგან შინაარსთან დაკავშირებით ვერავითარი არგუმენტი ვერ მოიძიეს. ერთადერთი, რაც გააკეთეს, ეს არის ქართულად განთავსებული „ქარდების” დაბლოკვა, რადგან ინგლისურად შინაარსი „ფეისბუქის” სათავო ოფისისთვის გასაგები იყო და არ დაბლოკეს. მათი მოწოდებები არის მხოლოდ ის, რომ არ შევიდნენ შინაარსობრივ განხილვაში და რომ „ეს კანონი არის ცალსახად რუსული”. თუმცა, როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა რუსული იყოს, როდესაც გამჭვირვალობა არის წმინდად ევროპული და დასავლური ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი ღირებულება? პარტნიორული დამოკიდებულება არ არის, თუ გვემუქრებიან; ამას მე პარტნიორულ დამოკიდებულებას ვერ დავარქმევდი, თუმცა დარწმუნებული ვარ, დასანქცირებას ადგილი არ ექნება“, – განაცხადა სეფაშვილმა.

მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პირდაპირ განაცხადა, რომ მსოფლიოს ორი დიდი გამოწვევა აქვს: დემოკრატიებში უცხო ძალების ჩარევა და დეზინფორმაციასთან ბრძოლა.

„ეს არის საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარი ერთ-ერთი გამოწვევა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პირდაპირ განაცხადა, რომ ორი დიდი გამოწვევა აქვს მსოფლიოს: ერთი ეს არის დემოკრატიებში უცხო ძალების ჩარევა; და მეორე – დეზინფორმაციასთან ბრძოლა. ეს გლობალური გამოწვევები საქართველოსაც ეხება და მსოფლიოს დიდი ქვეყნები თუ ამ გამოწვევებს ებრძვიან, საქართველო, მით უმეტეს, უნდა შეებრძოლოს, რადგან ჩვენ, ეკონომიკური, პოლიტიკური და გავლენების თვალსაზრისით, შედარებით პატარა ქვეყანა ვართ და ეს გამოწვევები ჩვენთვის ორმაგად და სამმაგად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სეფაშვილმა.