ეკა სეფაშვილი - ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ერთ-ერთ გამოწვევად საშინაო დემოკრატიებში უცხოური ძალების ჩარევა დაასახელა, როგორც ჩანს, ეს ევროპისთვისაც სერიოზული გამოწვევაა
ეკა სეფაშვილი - ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ერთ-ერთ გამოწვევად საშინაო დემოკრატიებში უცხოური ძალების ჩარევა დაასახელა, როგორც ჩანს, ეს ევროპისთვისაც სერიოზული გამოწვევაა

წარმოიდგინეთ, ევროპაშიც იმდენად შეშინებულები არიან უცხო ქვეყნის ჩარევებით ეროვნულ დემოკრატიებში, როდესაც ურსულა ფონ დერ ლაიენი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იყო, მან ერთ-ერთ გამოწვევად უცხოური ძალების მიერ საშინაო დემოკრატიებში ჩარევა დაასახელა. როგორც ჩანს, ეს ევროპის ქვეყნებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ქვეყანაში ხდება ლგბტ თემის ირიბი პროპაგანდა.

მისი განმარტებით, ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონი საფრანგეთმაც მიიღო, რომელიც უფრო მკაცრია, ვიდრე კანონი, რომლის მიღებაც საქართველოში იგეგმებოდა.

„შარშან, როდესაც გვინდოდა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, სწორედ ეს პირები იყვნენ საპროტესტო მოძრაობის ავანგარდში და ადამიანებს ცოცხლად წვავდნენ შუა რუსთაველზე, რადგან არ უნდოდათ თავიანთი ფინანსური რესურსების და წყაროების გამჟღავნება. ისინი აღუდგნენ წინ და საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში, რომ არ გამომჟღავნებულიყო, ვის დაკვეთას ასრულებდნენ. დღეს ნელ-ნელა გაირკვა რაღაცები. გავიგეთ, ნიკა გვარამიას ტელევიზიას რომ უცხოური დონორი აფინანსებს, რათა ირიბი ლგბტ პროპაგანდა აწარმოოს; თუნდაც სასამართლოს სისტემის წინააღმდეგ აწეული კამპანია, რაც მშვენიერაძის და გიგაურის არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება და ა.შ. გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, მინდა, ვთქვა, რომ სულ ახლახან საფრანგეთმა მიიღო იგივე კანონი, თუმცა გაცილებით მკაცრი, ვიდრე ჩვენ გვინდოდა მიღება. ამ კანონში წერია, რომ სპეციალურად შექმნილმა კომისიამ უნდა წარმოადგინოს ანგარიში, სადაც გაზომილი და შეფასებული იქნება ქვეყანაში უცხოური თანხებით განხორციელებული ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები. აქ საუბარია შედეგების გაზომვაზე და ჩვენ უბრალოდ ვითხოვდით მიზნობრიობის და თანხების რაოდენობის აღრიცხვას. ურსულა ფონ დერ ლაიენი როდესაც დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე იყო, მან ერთ-ერთ გამოწვევად უცხოური ძალების მიერ საშინაო დემოკრატიებში ჩარევა დაასახელა. როგორც ჩანს, ეს ევროპის ქვეყნებისთვისაც სერიოზული გამოწვევაა და ჩვენ ბრძოლა გვიწევს არა ცალკეული სისტემების დასაცავად, არა „ოცნების“ და მმართველი ხელისუფლების გადასარჩენად, არამედ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გადასარჩენად. საუბარი ეხება არა ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ ქვეყნის მტრების წინააღმდეგ ბრძოლას. არ ვარ წინააღმდეგი, რომ ქვეყანაში რეალური და ჯანსაღი ოპოზიცია არსებობდეს, პირიქით, ეს არის კარგი ქვეყნისათვის, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია, ჩვენ გვყავს მტერი, მავნებელი“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.