ეკა სეფაშვილი - სიამაყით ვაცხადებ, რომ მსოფლიოს წამყვან რეიტინგებში საქართველო კარგ პოზიციებს იკავებს და ეს პოზიციები წლიდან წლამდე უმჯობესდება
ეკა სეფაშვილი - სიამაყით ვაცხადებ, რომ მსოფლიოს წამყვან რეიტინგებში საქართველო კარგ პოზიციებს იკავებს და ეს პოზიციები წლიდან წლამდე უმჯობესდება

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სესიაზე სიტყვით წარდგა.

ეკა სეფაშვილმა ისაუბრა ევროპულ ინსტიტუციებთან საქართველოს დაახლოებასა და იმ ცხრა ნაბიჯის შესრულების შესახებ, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა საქართველოსთვის წევრობის მოლაპარაკებების გასახსნელად.

მისი თქმით, ქართული ოპოზიციური პარტიები ამ პროცესის წინააღმდეგი არიან და ევროინტეგრაციას ბოიკოტს უცხადებენ, რაც სამწუხაროა.

„პირველ რიგში, ნება მომეცით, მადლობა გადავუხადო ბატონ ფასინოს თავისი ანგარიშის გამო. დიდად ვაფასებ, რომ ანგარიში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას. ეს საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სესიის განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე. მსგავსი აგრესია იყო საქართველოს მიმართაც 2008 წელს. ამჟამად ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია. მიმდინარე ეტაპზე ვახორციელებთ რეფორმებს, რომლებიც ევროპული დღის წესრიგითაა განსაზღვრული. როგორც იცით, გასული წლის დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ვამაყობთ ამით, რადგან, ერთი მხრივ, ეს არის აღიარება საქართველოს ევროპული მისწრაფებისა და ჩვენ მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად გაწეული შრომისა, მეორე მხრივ, ეს არის ასოცირების შეთანხმების განხორციელება. საქართველო პირნათლად ასრულებს თავის ვალდებულებებს, რომ ჩვენი ეროვნული სამართლებრივი სივრცე ევროპულთან ჰარმონიზდეს და ეროვნული ინსტიტუციები საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად მოეწყოს. ვაგრძელებთ რეფორმებს. ამჟამად ვასრულებთ იმ ცხრა ნაბიჯს, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა საქართველოსთვის წევრობის მოლაპარაკებების გასახსნელად.

სიამაყით ვაცხადებ, რომ მსოფლიოს წამყვან რეიტინგებში, რომლებიც ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერაა შედგენილი, საქართველო კარგ პოზიციებს იკავებს და ეს პოზიციები წლიდან წლამდე უმჯობესდება. რეიტინგები ეხება კანონის უზენაესობას, კორუფციის კონტროლს, ნდობას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ. ბოლო წლებში ჩვენი ეკონომიკა 10-11%-ით გაიზარდა, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანია ევროკავშირში გასაწევრიანებლად. სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები ამ პროცესის წინააღმდეგი არიან და ევროინტეგრაციას ბოიკოტს უცხადებენ. მაგალითად, გასულ წელს მათი უმრავლესობა არ მონაწილეობდა რეფორმებში, რომლებიც პარლამენტში განვახორციელეთ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. მეტიც, გუშინ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ასამბლეას მიმართეს და დეზინფორმაციული განცხადებები გააკეთეს. ვფიქრობ, ეს მიუღებელია. ყველამ უნდა ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და არა – რომელიმე პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.