ეკა გიგაური - ელიტურ კორუფციასთან საბრძოლველად ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური უნდა შექმნას
ეკა გიგაური - ელიტურ კორუფციასთან საბრძოლველად ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური უნდა შექმნას

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, ქვეყანაში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მაინც პრობლემები და გამოწვევებია და “კორუფციის აღქმის ინდექსში“ წელს საქართველოს მაჩვენებლის გაუარესება სწორედ ამას უკავშირდება.

როგორც გიგაურმა ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მაჩვენებელი ერთი ქულითაა გაუარესებული, ეს საკითხი მაინც საყურადღებოა.

“საქართველოს ქულა 2017 წელს 56-ია და 180 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე ვართ. ჩვენი ქულა წელს ერთით გაუარესდა. ეს დიდი გაუარესება არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში კორუფციის დაბალ დონეზე აღმოფხვრასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდა, ქვეყანაში ელიტური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში მაინც პრობლემები და გამოწვევებია და ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ზუსტად ამიტომ, თუ წინა წლების შედეგებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ფაქტობრივად ერთ ადგილზე ვართ გაყინული და ძალიან სწრაფად წინ ვერ მივიწევთ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული მოცემულობა რამდენიმე ფაქტორით აიხსნება.

„ქვეყანაში ხელისუფლების შტოებს შორის დაბალანსებული სისტემა არ გვაქვს. როცა საქმე ხელისუფლების კონტროლს შეეხება, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია არაეფექტურია. ბოლო პერიოდის განმავლობაში, გვაქვს შემთხვევები, როდესაც კონკრეტული პირები სასამართლო სისტემაში სავარაუდო კორუფციაზე საუბრობენ. საგამოძიებო ორგანოები დამოუკიდებელნი არ არიან და ამ მიმართულებით რეფორმები ჩასატარებელია. წლებია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას ითხოვს“, – აცხადებს გიგაური.

მისი თქმით, იმისთვის, რომ რეიტინგში საქართველომ მაჩვენებელი გაიუმჯობესოს, ხელისუფლებამ ელიტურ კორუფციასთან საბრძოლველად დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური უნდა შექმნას. სწორედ ეს არის ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია.

„ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენის აღმოფხვრა და საჯარო და კერძო სექტორების ეფექტიანად გამიჯვნა. გარდა ამისა, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას და საგამოძიებო სამსახურების მხრიდან, უფრო მეტ დამოუკიდებლობას ვითხოვთ. ვფიქრობთ, სასამართლოში რეფორმების ჩატარება მნიშვნელოვანია,” – განაცხადა ეკა გიგაურმა.