ეკა გიგაური - ბევრი მნიშვნელოვანი დასავლელი პოლიტიკოსი ჩამოვა, სერიოზული გზავნილები ექნებათ მთავრობის მიმართ და ამას ვერ გაუძლებენ, იქნება ზეწოლა შიგნიდან და გარედან
ეკა გიგაური - ბევრი მნიშვნელოვანი დასავლელი პოლიტიკოსი ჩამოვა, სერიოზული გზავნილები ექნებათ მთავრობის მიმართ და ამას ვერ გაუძლებენ, იქნება ზეწოლა შიგნიდან და გარედან

ბევრი მნიშვნელოვანი დასავლელი პოლიტიკოსი ჩამოვა, მათ ძალიან სერიოზული გზავნილები ექნებათ მთავრობის მიმართ და ისინი ამას ვერ გაუძლებენ, იქნება ზეწოლა შიგნიდან და გარედან, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დირექტორმა, ეკა გიგაურმა ევროპის მოედნისკენ მსვლელობაზე განაცხადა.

როგორც გიგაურმა განაცხადა, მთავრობას უკან შემოუბრუნდება აგრესია, რომელიც მისგანვე მოდის.

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, ქართველი ხალხი პროევროპული ხალხია, რომელიც რუსეთის ნაწილი ვერასოდეს გახდება.

„ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ევროპის ნაწილი გახდნენ. ამიტომ მთავრობა შეეშვას ამ რუსულ მეთოდებს. მთელი ის აგრესია, რაც მათგან მოდის, მათვე შემოუბრუნდებათ. ეს ბრძოლა შედეგამდე მივა. მიზანს მივაღწევთ. ასე იქნება. რაც შეეხება დასავლეთიდან ყურადღებას, დასავლეთი ყოველთვის იდგა და იდგება ქართველი ხალხის გვერდით. ეს არის ის, რაც უნდა გვახსოვდეს. ბევრი მნიშვნელოვანი დასავლელი პოლიტიკოსი ჩამოვა, მათ ძალიან სერიოზული გზავნილები ექნებათ მთავრობის მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას ვერ გაუძლებენ. ეს არის ზეწოლა შიგნიდან და გარედან. აქ საუბარი კანონზე არ არის. აქ ის ხდება, რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ და ეს უნდა შეცვალონ. ამის ნება არავის აქვს”, – განაცხადა გიგაურმა.