ეკა ბესელიას ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილებაზე გედევან ფოფხაძე უმრავლესობის ლიდერებს დღეს შეხვდება
ეკა ბესელიას ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილებაზე გედევან ფოფხაძე უმრავლესობის ლიდერებს დღეს შეხვდება

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, უმრავლესობიდან წასვლის თაობაზე გაკეთებული განცხადების შესახებ სასაუბროდ გედევან ფოფხაძეს დღეს შეხვდება.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ფოფხაძეს ტელეფონით ესაუბრა.

„ტელეფონით უკვე ვესაუბრე, მაგრამ პირადად არ მინახავს. დღეს დაველაპარაკებით, მეც და პოლიტიკური გუნდის ლიდერებიც. გვექნება შესაძლებლობა ვესაუბროთ იმ წუხილზე, რომლის გამოც მან ეს განცხადება გააკეთა. გუშინდელი გადაწყვეტილება მესმის, რომ ბევრი ჩვენი კოლეგისთვის ემოციური იყო. ასეთ საკითხებზე ჩვენ გვჭირდება შიგნით გაცილებით უფრო ღია და გულწრფელი საუბარი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გუნდის სხვა წევრებმაც მიიღონ, ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა ამავდროულად არსებობს დიალოგის რესურსებიც.

„ზოგადად, იოლი არ არის პოლიტიკური პროცესი, არ არის იოლი ხშირად ისეთ საკითხებზე მსჯელობა, რომელიც შეიძლება იყოს განსხვავებული აღქმის ან დამოკიდებულების საფუძველი. ბევრი რამ მინახავს პოლიტიკაში, ამიტომ, არ მიკვირს ემოციური ფაზები. ყველა საკითხზე შეიძლება დიალოგი. ამის რესურსი გუნდს აქვს. ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ თუ არის რაიმე წუხილები, ამ თემებზე შიგნით ვისაუბროთ რაც შეიძლება მეტი”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძე პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა.