გედევან ფოფხაძე - იმ გუნდთან, რომელსაც შეუძლია ნინია კაკაბაძეს მხარი დაუჭიროს, ჩემ თავს ვერ წარმოვიდგენ
გედევან ფოფხაძე - იმ გუნდთან, რომელსაც შეუძლია ნინია კაკაბაძეს მხარი დაუჭიროს, ჩემ თავს ვერ წარმოვიდგენ

დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო თანამდებობებისა და პარტია „ქართული ოცნების“ დატოვებასაც აპირებს.

საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე გედევან ფოფხაძემ პირველ არხთან ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, მისი გადაწყვეტილება მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.

„ჩემი დამოკიდებულება ცალსახაა. ეს იყო მიუღებელი და ეს გადაწყვეტილება “ქართულ ოცნებას” არ უნდა მიეღო. ნინია კაკაბაძის კანდიდატურისთვის მხარი არ უნდა დაეჭირა, რადგან ის ღირებულებები, რომლითაც ეს ადამიანი ცხოვრობდა და რაც აქვს, პირდაპირ კონტრასტშია იმ ყველაფერთან, რის გამოც ამომრჩეველი 2012 წელს მხარს გვიჭერდა. მიმაჩნია, რომ იმ გუნდთან ერთად, რომელსაც შეუძლია ნინია კაკაბაძეს მხარი დაუჭიროს, ჩემს თავს ვერ წარმოვიდგენ და ალბათ, უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას მივიღებ “ქართული ოცნებიდან” გასვლის თაობაზე. უმრავლესობას ვტოვებ. მიმაჩნია, რომ კაკაბაძის მხარდაჭერა ჩემთვის საკმარისი საფუძველია, რომ უმრავლესობა დავტოვო. არ ვმალავ, გაბრაზებული ვარ. ფაქტია, რომ ამ გუნდმა ისეთი ღირებულებები აირჩია, რომელიც ჩემთვის მისაღები არ არის. “ქართულ ოცნებაში” ჩემ ადგილს ვერ ვხედავ”, – განაცხადა ფოფხაძემ.

ამასთან, ნინია კაკაბაძის კანდიდატურას, რომელმაც ჯამში 55 ხმა მიიღო, საპარლამენტო უმრავლესობიდან მხარი დაუჭირეს შემდეგმა დეპუტატებმა –  ირაკლი ბერაია;  ირაკლი (დაჩი) ბერაია; ანზორ ბოლქვაძე;  გიგა ბუკია; ელგუჯა გოცირიძე; გოგა გულორდავა; ცოტნე ზურაბიანი; ედიშერ თოლორაია; რატი იონათმიშვილი; პაატა კვიჟინაძე; სოფიო კილაძე;  ირაკლი კობახიძე;  კახაბერ კუჭავა;  დავით მათიკაშვილი;  იოსებ მაკრახიძე;   გენადი მარგველაშვილი;  ენძელა მაჭავარიანი;  გოგი მეშველიანი; გრიგოლ მიქელაძე;   ენზელ კოიანი;  დიმიტრი მხეიძე;   თამაზ ნავერიანი;   კახაბერ ოქრიაშვილი;  ანრი ოხანაშვილი;   ირინა ფრუიძე;   სოფიო ქაცარავა;  მიხეილ ყაველაშვილი;  გოდერძი ჩანქსელიანი;   თამარ ჩუგოშვილი;  ზვიად ძიძიგური;  ნინო წილოსანი;  გიორგი ხატიძე;  ზაზა ხუციშვილი; მარიამ ჯაში.

გედევან ფოფხაძე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.

ამასთან, გედევან ფოფხაძე საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარეა.