ეკა ბესელია სერგი კაპანაძეს - ზვიად კუპრავა მოიყვანეთ და ორი კითხვა დაუსვით, შეურაცხყოფაზე რომ გადავიდა, დარცხვენილი უყურებდით
ზვიად კუპრავა მოიყვანეთ და ორი კითხვა დაუსვით, შეურაცხყოფაზე რომ გადავიდა, დარცხვენილი უყურებდით, – ასე მიმართა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ კომისიის ხელმძღვანელ სერგი კაპანაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ გაღიზიანებულია, რადგანაც თავს მოტყუებულად გრძნობს.
„არ ვიცი, თამაშის წესები რას ჰქვია, არ მესმის ეს ტერმინი, მაგრამ ვიცი, რომ ამ კომისიას აქვს დადგენილი წესები, რაც კანონში წერია. ნელ-ნელა იმდენად კარგავს ეს კომისია სწორედ ამ სტანდარტს, ეს ჩემი ძალიან მკაფიო და ჩამოყალიბებული პოზიციაა, რომ ისეთ სტანდარტებზე გადავდივართ, რომ ძალიან რთულია, ვინმეს მოუწოდო სხვებს დაიცავით კანონი ამ სტანდარტებიდან გამომდინარე, როდესაც თავად აბიჯებს კომისია კანონის მოთხოვნებს. მაღელვებს ეს, რადგან მინდა, კომისიას ჰქონდეს ის ლეგიტიმაცია, რაც პარლამენტმა მისცა. მე შეგახსენებთ, რომ პარლამენტის უმრავლესობამ მისცა ეს მანდატი ამ კომისიას და ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ისე შედის როლში, ჰგონია თავი მოსამართლე და მართლა არც ტონს აქცევს ყურადღებას და არც შინაარსს. ამის დასტური იყო მათ შორის გუშინდელი დღეც.
ზვიად კუპრავა მოიყვანეთ და ორი კითხვაც გარდა საერთოდ კითხვა არ დაგისვამთ. შეურაცხყოფაზე რომ გადავიდა და კომისიის წევრებს პერსონალურ შეურაცხყოფებს აყენებდა, იქ რეაქცია ვერ დავინახე სამწუხაროდ, გარდა იმისა, რომ კომისიის რამდენიმე წევრი, თქვენი კოლეგა დარცხვენილი იყურებოდა, უბრალოდ, მგონი არავის არ მოეწონა, ვინც ადეკვატურად უყურებდა ამ პროცესს, რაც ხდებოდა მის დაკითხვაში. მაგრამ ვხედავ, სულ სხვა სტანდარტს, როდესაც იკითხებიან ის პირები, რომელთა მხრიდან კომისიას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური ინტერესი, რომ მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, კომისია თავისი შინაარსით და კანონის უპატივცემულობით ნელ-ნელა სანდოობას კარგავს.
„სამწუხაროდ, გუშინდელმა გადაწყვეტილებებმა და მიდგომებმა, როდესაც თქვენ, კომისიის უმრავლესობამ, გადააბიჯეთ კონსტიტუციასა და კანონს და პირის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნაზე რეკომენდაციას დაუჭირეთ მხარი მაშინ, როდესაც ამის უფლება არავის აქვს, არანაირ კომისიას არ აქვს, პარლამენტში ასეთი მანდატით არ არსებობს არც ერთი ორგანო, როგორი ხმების უმრავლესობით არ უნდა იყოს შექმნილი. ვისაც შეუძლია ასეთი რეკომენდაცია გასცეს, ამის მერე მართალი გითხრათ, ნაკლებად გამიკვირდება რამე სხვა ტიპის გადაწყვეტილება, მით უფრო, ისეთ სულსწრაფობას აქვს ადგილი, რომ დასკვნებს ვაკეთებთ და არ ველოდებით აქ ადამიანებს, რომლებიც უნდა მოვიდნენ და მოგვცენ ჩვენება.
რასაც ვუყურებ, აქ რაღაც წესებს ვერ ვიცავთ. ყოველ შემთხვევაში, იმ ეტაპამდე, რა ეტაპამდეც შესაძლებელია კიდევ, რომ შეინარჩუნოს მინიმალური სახე, რომ მას ჰქონდეს იმის ლეგიტიმაცია, დასკვნა მიიღოს. მართლა რეკომენდაცია დადოს და შეაფასოს ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე რა მოხდა, იქამდე მე პირადად, ვხედავ აზრს, რომ ვიმუშაო ამ ფორმატში. მაგრამ ისე ნუ გააკეთებთ, რომ მართლა მარტო დარჩეთ მერე და აზრი არ ჰქონდეს იმას, რასაც წერთ და აკეთებთ. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რადგან კომისია თავისი შინაარსით და კანონის უპატივცემულობით ნელ-ნელა თავის სანდოობას კარგავს და განსაკუთრებით სახიფათოა, როცა ასეთ წესებს ვამკვიდრებთ, რომ როცა იკითხება რომელიმე მოწმე, ვინც არ უნდა იყოს, იქნება ეს გამომძიებელი, პროკურორი, მოწმე, პოლიციელი, კუპრავა და ასე შემდეგ, როდესაც ასეთ წესს ვამკვიდრებთ, რომ რა მნიშვნელობა აქვს ერთი როცა ჰკითხავს, დაველოდოთ და კომისიის სხვა წევრები დუმილის უფლებით სარგებლობდნენ, მე მსგავსი რამ არ გამიგია“, – განაცხადა კა ბესელიამ.
მისივე თქმით, ეს უპატივცემულობაა კომისიის იმ წევრების მიმართ, რომელთაც თანაბარი უფლებები აქვთ აქ და არსად წერია წესები, რასაც ისინი ადგენენ.
„პერსონალურად არ გადანაშაულებთ, ზოგადად ამ მიდგომებს ვაკრიტიკებთ. ასეთი რამ არსად წერია. კომისიის თავმჯდომარესაც და წევრებსაც აქვთ თანაბარი უფლებები და ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ხდება რამე ტიპის დარღვევა ან გადაცდომა, კომისიის სხვა წევრმა შეიძლება მიუთითოს. რეგლამენტი სხვა შემთხვევაშიც არსებობდა და ასეთ დროსაც უნდა გაგახსენდეთ ხოლმე, ქალბატონო ელენე. მინდა, როდესაც შეფასებებს ვისმენთ, ესეც მოისმინოს საზოგადოებამ, რომ კომისიის უმრავლესობა სამწუხაროდ, არც კანონს სცემს პატივს და არც იმ წესებს, რომლითაც საგამოძიებო კომისია უნდა ხელმძღვანელობდეს“, – აღნიშნა ბესელიამ.
სერგი კაპანაძემ დღეს განაცხადა, რომ ხმამაღალი ტონით საუბარი ტაქტიკის ნაწილია, რადგან ის გაღიზიანებულია და თავს მოტყუებულად გრძნობს.