ეკა ბესელია - საბედნიეროდ, ჩვენს გუნდში გრიგოლ ვაშაძის სტანდარტებისა და გემოვნების პოლიტიკოსები არ არიან
საბედნიეროდ, ჩვენს გუნდში გრიგოლ ვაშაძის სტანდარტებისა და გემოვნების პოლიტიკოსები არ არიან, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის შეთავაზება ხუთკაციანი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე.
„მისი სტანდარტების მხოლოდ მათ გუნდში არიან და საბედნიეროდ, ჩვენს გუნდში ბატონი ვაშაძის სტანდარტებისა და გემოვნების პოლიტიკოსები არ არიან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ, რომელიც ვამდელ საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის დისკუსიას გამორიცხავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებას ხუთკაციანი სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს.
„ხელისუფლებას ვთავაზობთ – შექმენით სამუშაო ჯგუფი, დავუშვათ ხუთი ადამიანის შემადგენლობით, თუ ამდენ კვალიფიციურ პირს მონახავთ თქვენთან, ჩვენც ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენს დელეგაციას. სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ ცივილიზებულად, ევროპულად, კონსტიტუციურად, სამართლებრივად დავჯდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდეგი ნაბიჯები“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.