ეკა ბესელია - ქვეყნის გამთლიანება ხელისუფლების ყველაზე დიდი მიზანია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ქვეყნის გამთლიანება ხელისუფლების ყველაზე დიდი მიზანია და არანაირი ფორმატი არ არსებობს, სადაც შეიძლება კომპრომისი იყოს დაშვებული.
პირველ არხთან საუბარში ეკა ბესელია Heritage Foundation-ის პუბლიკაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უფრო დიდი მიზანი და ამოცანა არ არსებობს, ვიდრე ქვეყნის გამთლიანებაა.
“ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, საქართველოს ერთიანობის საკითხი ქართულ მხარეს ეჭვქვეშ არასოდეს, არც ერთ დონეზე არ დაუყენებია. არ არსებობს უფრო დიდი მიზანი და ამოცანა, ვიდრე ქვეყნის გამთლიანებაა და ამის ხარჯზე არაფერი არ მოხდება. ქვეყნის გამთლიანება ყველაზე დიდი მიზანია, რომლისკენ მივდივართ და არანაირი ფორმატი არ არსებობს, სადაც შეიძლება კომპრომისი იყოს დაშვებული”, – დასძინა ბესელიამ.
ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის, Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარულები იქნებიან, ნატო-ს წევრობას კომპრომისის საფუძველზე დათანხმდნენ.