Heritage Foundation - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებშია
Heritage Foundation - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებშია

საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება აშშ-ისა და ევროპის ინტერესებში შედის, – ამ სათაურით აქვეყნებს ანგარიშს პრესტიჟული ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი Heritage Foundation-ი.

ანგარიშის ავტორი ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ამერიკელი ექსპერტი ლუკ კოფია.

პუბლიკაციაში ვრცლად არის მიმოხილული საქართველოს მიერ ნატო-სთან დაახლოებისთვის გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ საქართველო ვერ აიძულა, თავი შეეკავებინა დასავლეთთან კავშირების გამყარებისგან.

„საქართველო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველო გახდა იმედის ნაპერწკალი რთულ რეგიონში. საქართველოში შედგა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა, თავისუფალი და ღია არჩევნების გზით. ქვეყანამ გაატარა ეკონომიკური რეფორმები, რათა ეკონომიკის ლიბერალიზაცია მოეხდინა. აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია, გააღრმაოს ორმხრივი ურთიერთობა საქართველოსთან, დაეხმაროს მას თავდაცვითი და სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში და ხელი შეუწყოს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას“, – წერს ამერიკელი ექსპერტი.

ანგარიშის ავტორთა თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს 2018 წლის სამიტზე კიდევ ერთხელ გაუსვან ხაზი, რომ საქართველო იმსახურებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

„2018 წელი ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვანია არამხოლოდ იმის გამო, რომ რუსეთის აგრესიიდან 10 წელი გავიდა, არამედ იმიტომ, რომ 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნატო საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას დაჰპირდა. ბრიუსელის 2018 წლის სამიტი კიდევ ერთხელ იძლევა შანსს ნატო-საქართველოს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს და კიდევ უფრო დაახლოვდეს. საქართველო მყარად უნდა იდგეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობის გზაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წელს მიიღებს Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, რაც აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრში მიაჩნიათ, რომ აშშ-ი უნდა დარჩეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერად.

„აშშ-მა უნდა გააღრმაოს ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც ფოკუსირებული უნდა იყოს ტერიტორიების დაცვაზე, შავ ზღვაში აშშ-ის წარმომადგენლობის გაზრდაზე და უნდა შეინარჩუნოს მუდმივი ზეწოლა რუსეთზე, რათა მოსკოვმა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმება“, – წერს ლუკ კოფი.

ანგარიშის ავტორის თქმით, საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ მზადაა, საერთაშორისო უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. ამის მაგალითად მოყვანილია ქართველი სამხედროების მონაწილეობა ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში. ასევე, ბალკანეთსა და აფრიკაში ქართველი მშვიდობისმყოფელების გაგზავნა.

პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ აშშ-ისთვის საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა, რადგან ქართველი სამხედროები უკვე მრავალი წელია მონაწილეობენ ავღანეთის ოპერაციაში და ის რჩება ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორად.

ამავე დროს, პუბლიკაციის ავტორის თქმით, აშშ-ის გეოპოლიტიკური ამოცანებისთვის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის პროცესი, რაც რეგიონისთვის მაგალითს წარმოადგენს.