ეკა ბესელია ოთარ კახიძეს - განცხადებებისთვის რომ პირთა პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვთ, მერაბიშვილი როცა ამბობდა, ორი გვამი მინდაო, ამ განცხადებისთვის რა კვალიფიკაციას მისცემდით
ეკა ბესელია ოთარ კახიძეს - განცხადებებისთვის რომ პირთა პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვთ, მერაბიშვილი როცა ამბობდა, ორი გვამი მინდაო, ამ განცხადებისთვის რა კვალიფიკაციას მისცემდით

ვანო მერაბიშვილი რომ ამბობდა, ორი გვამი მინდაო, ბატონო ოთარ, ამ განცხადებისთვის რა კვალიფიკაციას მისცემდით, სხვა როლიდან რომ უყურებდეთ ამ პროცესს, – ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ეკა ბესელიამ ოთარ კახიძეს, რომელიც „ევროპული საქართველოს“ სხვა წევრებთან ერთად ითხოვს თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.

„განცხადებების გამო რომ პირთა პასუხისმგებლობის საკითხების დაყენებას ითხოვთ, აი, თქვენ რომ ახლა იხილავდეთ, მაგალითად სხვა როლიდან, ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და ამას აფასებდეთ ამ პოლიტიკურ ჭრილში და არა იმისთვის, რისთვისაც გასამართლებულია, ორი გვამი მინდაო რომ იძახდა, ასეთი განცხადებისთვის რა კვალიფიკაციას მისცემდით, ბატონო ოთარ, სხვა როლიდან რომ უყურებდეთ ამ პროცესს. თქვენ ხომ განცხადებების გამო ასამართლებთ ამ ადამიანებს და პასუხისმგებლობას ითხოვთ, ასეთი განცხადებებისთვის რა ტიპის პოლიტიკურ სასჯელს მოიფიქრებდით, იქნებ ესეც იმ პასუხებში მიაყოლოთ და ესეც გვითხრათ, მე სხვა პოლიტიკური არგუმენტი ასეთ ჩამონათვალზე არ და ვერ მექნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას ამ განცხადებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

„ეგ მართლა კონტრასტული შედარებაა, მაგ განცხადებაზე თქვენი გუნდიდან არასდროს არავის ბოდიშიც კი არ მოუხდია და დღეს სრულიად ნეიტრალურ განცხადებაზე, რომელიც საქმიან პროცესში გაკეთდა, ითხოვთ მინისტრების გადადგომას, ხვდებით ხომ, როგორ შეიცვალა ცხოვრება საქართველოში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში „ევროპული საქართველოს“ წევრებმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნასა და რეკომენდაციებს განიხილავენ.