საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დასკვნისა და რეკომენდაციების განხილვას გააგრძელებს
საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დასკვნისა და რეკომენდაციების განხილვას გააგრძელებს

ხორავას ქუჩაზე დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს მორიგ სხდომას გამართავს.

თბილისში, პარლამენტის ​შენობაში კომისიის წევრები დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნისა და რეკომენდაციების განხილვას გააგრძელებენ.

სავარაუდოდ სწორედ დღევანდელ სხდომაზე წარადგენენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დასკვნის მათ მიერ მომზადებულ ვერსიას.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ მომზადებულ დასკვნას, „ქართული ოცნების“ წევრ ანრი ოხანაშვილის შეფასებით, ის არაკომპეტენტურია და პოლიტიკური ელფერი აქვს. დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით კი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისგან დასკვნის საბოლოო რედაქცია ამ დრომდე არ მიუღიათ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები დასკვნას ნაწილ-ნაწილ აცნობენ.

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ კომისიის დასკვნაში გამოჩნდა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც ეხება დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის – მ.კ.-ს როლს. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ ოთარ კახიძის თქმით, რომ საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ.

დასკვნასა და რეკომენდაციებზე მსჯელობის დასრულების შემდეგ, კომისიის წევრებმა დოკუმენტს კენჭი უნდა უყარონ და საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარუდგინონ, რის შემდეგ ის პლენარულ სხდომაზე გავა.