ეკა ბესელია - ორი დღეა დაკავებული ვარ, სამართლებრივ სივრცეში დავაბრუნო საგამოძიებო კომისიის წევრები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, გავიდეთ ამ სივრციდან
ეკა ბესელია - ორი დღეა დაკავებული ვარ, სამართლებრივ სივრცეში დავაბრუნო საგამოძიებო კომისიის წევრები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, გავიდეთ ამ სივრციდან

ბოლო ორი დღეა დაკავებული ვარ იმით, რომ სამართლებრივ სივრცეში დავაბრუნო როგორმე დროებითი საგამოძიებო კომისიის ის წევრები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, ამ სივრციდან გავიდეთ, – ამის შესახებ კომისიის წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომელმაც „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა სამართლებრივად გააკრიტიკა.

როგორც ეკა ბესელიამ სხდომაზე განაცხადა, პოლიტიკური შეფასებებისგან ამჯერადაც თავს შეიკავებს და რამდენიმე კითხვით მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს დააზუსტებს.

„როდესაც უკვე ვსაუბრობთ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე და ვამბობთ, რომ აქ არის დანაშაულის ნიშნები, საჭიროა ერთ-ერთი მთავარი პრინციპის დაცვა სისხლის სამართალში – ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპი. სხვაგვარად, საერთოდ ავირ-დავირევით. ასეთი კოლექტიური პასუხისმგებლობა სისხლის სამართალში არ არის. ამიტომ თუ ვსაუბრობთ, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, პირის ბრალეულობა უნდა გამოიკვეთოს, აუცილებელია რამდენიმე ელემენტი. გვითხრათ, რით ადგენთ, რომ მაგალითად რომელიღაც გამომძიებლის ან პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“, – მიმართა ბესელიამ კომისიის წევრებს „ევროპული საქართველოდან“.

ამასთან, მისი თქმით, როდესაც საუბარია იმაზე, რომ გამომძიებლის და პროკურორის საქმიანობაში ჩარევას ჰქონდა ადგილი, უნდა დაკონკრეტდეს უკანონოდ ვინ ჩაერია და რომელი გამომძიებლის ან პროკურორის საქმიანობაში.

ბესელიას განცხადებით, ეს საკითხი დასაბუთებაში არსად ჩანს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამის დაზუსტება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გაირკვეს რამდენად რელევანტურია შეფასება.