ეკა ბესელია - მთავრობამ, რომელმაც მომავლის ხედვა კარგად წარმოაჩინა, ჩვენი ნდობა ნამდვილად დაიმსახურა
ვფიქრობ, კითხვის ნიშნები არ რჩება, რატომ ვუჭერთ მხარს მთავრობას და რატომ ვუცხადებთ ნდობას, მეორე მხრივ, კითხვები არც ოპოზიციის მიმართ უნდა რჩებოდეს, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა და კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პარლამენტში მომხდარ ინციდენტს, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მთავრობის შეხვედრაზე ნიკა მელიას გამოსვლას დაპირისპირება მოჰყვა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ყველა წესი დაარღვიეს.
„მათ დაარღვიეს ყველა ეთიკური სტანდარტი, რეგლამენტი, პროცედურა, მათთან ნამდვილად არ ღირს არანაირი ოპონირება. აზრი არ აქვს არანაირ თემაზე საგნობრივ მსჯელობას. რასაკვირველია, ამ მთავრობამ, რომელმაც დღეს კარგად წარმოაჩინა საკუთარი ხედვა მომავლის, ნამდვილად დაიმსახურა ჩვენი ნდობა“, – განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტში მთავრობის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას ნიკა მელიასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის კამათს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
მთავრობამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზის დატოვებამდე, დაპირისპირება უფრო გამწვავდა და ნიკა მელიას პრემიერმა უცენზურო სიტყვებით მიმართა.
მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლო.