გიორგი კვირიკაშვილისა და ნიკა მელიას დაპირისპირება - ვიდეოკადრები

მთავრობის შეხვედრაზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარლამენტში ნიკა მელიას გამოსვლას დაპირისპირება მოჰყვა.

მან პრემიერს უუნარო უწოდა.

„იმისიც კი არ გრცხვენიათ, რომ თქვენგან მესამე ადამიანი უკვე ივანიშვილს შერჩეული ჰყავს თქვენ შემცველად და ვითომ პრემიერ-მინისტრი ხართ ახლა აქ. არც არასდროს გეკითხებოდნენ, არც გეკითხებიან და არც შეგეკითხებიან“, – მიმართა ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს.

პრემიერმა მას მიმართა, არ მიეყენებინა მოსახლეობისთვის შეურაცხყოფა.

ნიკანორ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ უზრდელობთ. ნუ აყენებთ შეურაცხყოფას მოსახლეობას. მე არ ვაკადრებ ჩემს თავს და იმ ადამიანებსაც, ვინც ჩვენ გვიყურებენ, ასეთივე ვიკადრო, რასაც თქვენ კადრულობთ.

უხერხულია, მწამებლების ხელისუფლების წარმომადგენელი ადამიანი, რომელიც თვითონ არის მხილებული სისხლის სამართლის დანაშაულში, მოვიდეს და ჩვენ გველაპარაკოს. სირცხვილია,ეს არის სირცხვილი. მადლობა ღმერთს, რომ თქვენ დღეს სამი კაცით ხართ პარლამენტში წარმოდგენილი“, – განუცხადა პრემიერმა მელიას.

მთავრობის მიერ პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვებამდე, დაპირისპირება უფრო გამწვავდა და ნიკა მელიას პრემიერმა უცენზურო სიტყვებით მიმართა.

მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლო.