ეკა ბესელია - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტის განხილვა ჭიანურდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ფიქრობს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის პროცესი ჭიანურდება.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, საკმარისი დროა იმისათვის, რომ კომიტეტს კანონპროექტის განხილვა დაეწყო, თუმცა საკითხი დღის წესრიგში არც დღეს არ არის.
„ეს გვაფიქრებინებს, რომ საკითხის განხილვა ჭიანურდება მაშინ, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავს. უცნაურია, რომ პროექტზე ისმის კონსტიტუციურობის ტესტის თაობაზე. კონსტიტუციურობის ტესტს ყველა კანონპროექტი გადის. რა არის არგუმენტი, რის გამოც ამ საკითხს ეჭვქვეშ აყენებენ, ამაზე კამერების წინ კი არ უნდა ვისაუბროთ, განხილვა კომიტეტზე უნდა იყოს”, – განაცხადა ბესელიამ.
დეპუტატი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შაბათ-კვირას გამართული გასვლითი სხდომის საკითხს გამოეხმაურა, რომელსაც თავად არ დასწრებია.
„კომიტეტიდან არავინ არ შემხმიანებია, რომ ამ საკითხზე კონსულტაცია სურდათ. ეს გასვლითი სხდომა არ იყო, ეს იყო შეკრება, სადაც სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდნენ და ეს გეგმა კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს მაქვს გაკეთებული, რომლის კორექტირება მოხდა, რაც სწორი არ არის. მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი არ იყო დღის წესრიგში და არავის არ უთქვამს, რომ ამ კანონპროექტზე იყო მსჯელობა”, – განაცხადა ბესელიამ.
ეკა ბესელია აპირებს, რომ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოითხოვოს.
ცხრა დეპუტატმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.