ეკა ბესელია - მხარეების გარდა, კონკრეტულ სასამართლო პროცესში ჩარევის უფლება არავის აქვს
კონკრეტულ სასამართლო პროცესში ჩარევის უფლება არავის აქვს მხარეების გარდა და პოლიტიკოსები სასამართლო პროცესში არ ვერევით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ევროპული კონვენციის შესაბამისი.
“კონკრეტულ სასამართლო პროცესში ჩარევის უფლება არავის არ აქვს მხარეების გარდა და პოლიტიკოსები სასამართლო პროცესში არ ვერევით. ერთი რამ შემიძლია ვისურვო და ვთქვა,რომ ყველა ასეთი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს საერთაშორისო აქტებს, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ყველა ასეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს კონვენციის და სტანდარტის შესაბამისი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.
ამასთან, ჩაბუქის ადვოკატები აცხადებენ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება დაუშვებელია.