სააპელაციო სასამართლომ ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარი ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მუსტაფა ემრე ჩაბუქსა და მის ოჯახს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.

ადვოკატები ითხოვდნენ, რომ ბათილად ყოფილიყო ცნობილი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მიუნიჭებლობის თაობაზე.

ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე მიიტანეს ახალი მტკიცებულება  – Human Rights Watch-ის ანგარიში. ორგანიზაციის  2018 წლის ანგარიშში საუბარია თურქეთში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებზე.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ ასევე მოისმინა ჩაბუქის მეუღლის ჩვენება.

ანგარიშის მიხედვით, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირის ბრალდებით თურქეთში ათასობით ადამიანია დაკავებული.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი გასული წლის მაისში დააკავეს.

დაკავების მიზეზი თურქული მხარის მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას უწყობდა ხელს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადაციო პატიმრობა მიუსაჯა.

მოგვიანებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაკავებულის ოჯახმა და ადვოკატმა ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმართეს, თუმცა სამინისტროსგან უარი მიიღეს.

ჩაბუქის წინასაექტრადაციო პერიოდი თებერვალში იწურება.