ეკა ბესელია - ორჯერ დავაყენე საკითხი და არავის უთქვამს, რომ უვადოდ განწესების შეჩერების იდეა კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა ან პრინციპს არ ეთანხმებოდა
მხარს ვუჭერ იდეას, რომ მოსამართლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, ჩვენ არ ვამბობთ, რომ მოსამართლეები უნდა შევამციროთ, – ამის შესახებ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატორმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
დეპუტატის შეფასებით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებაში რამდენიმე უზუსტობაა. მისივე თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ უმრავლესობამ არ იცოდა კანონში ცვლილებების მომზადების თაობაზე.
„ორჯერ დავაყენე, მათ შორის ბოლო სხდომაზე საკითხი მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერების იდეას მხარს დავუჭერდით თუ არა. ყველა დაეთანხმა, ყოველ შემთხვევაში, არავის არც ერთ სხდომაზე არ უთქვამს, რომ არ ეთანხმება პრინციპს. ან ვერ თქვა ვინმემ. ეს საჯაროდ არავის უთქვამს. გულში ვინ რას ფიქრობდა, არ ვიცი. არავის უთქვამს, რომ ეს იდეა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ანუ ორი არასწორი რამ, რაც აშკარაა, რომ ეს არ ყოფილა შეუთანხმებელი და პრინციპი იყო შეთანხმებული“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება ფორმულირებას, მისი თქმით, ამაზე მსჯელობისთვის არც უმრავლესობას, არც ფრაქციას და არც კომიტეტს არ დაუნიშნავს სამუშაო შეხვედრა.
„არავის გამოუთქვამს სურვილი, რომ მოდი ამ ინიციატივაზე ინიცირების შემდეგ მაინც ვიმსჯელოთ, რადგან ფორმულირების დამატება ან შეცვლა ახლაც შესაძლებელია პირველი მოსმენით კენჭისყრამდე. თუ პრინციპს ეთანხმება უმრავლესობა ფორმულირების შესაბამისობა კონსტიტუციასთან ეს არის საბაბი, ჩვენ ვთქვით, რომ მოგვაწოდეთ თქვენი ვერსია, რა ვერსიას დაუჭერთ მხარს“, – განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, არც ის არგუმენტია სწორი, რომ ცვლილებები მოსამართლეთა რაოდენობას შეამცირებს.
„სამწუხაროდ, აქამდე, არ შედგა ასეთი კონსულტაცია, უმრავლესობისა და ფრაქციის შიგნითაც და არ მოხდა ამ პროექტზე მსჯელობა. ეს იწვევს მსგავს არასწორ ინტერპრეტაციებს. რატომ არ არის სწორი – რადგან ჩვენ არ ვამბობთ, რომ მოსამართლეები უნდა შევამციროთ, მე ვუჭერ მხარს იდეას, რომ მოსამართლეთა რაოდენობა გაიზარდოს და გაიზარდოს მნიშვნელოვნად, მაგრამ ასევე ვუჭერ მხარს, რომ სასამართლოს არსებული შემადგენლობა უნდა განახლდეს და უნდა შეიცვალოს. კიდევ ერთი, ჩვენ არ ვამბობთ ამ პროექტით, რომ ახალი მოსამართლეების შემოსვლა, სამი წლით განწესება შეუძლებელია, კანონი ამას ითვალისწინებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამასთან, დეპუტატი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელ ანრი ოხანაშვილს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, კომიტეტის დასკვნა კანონპროექტზე ჯერაც არ არის ხელმოწერილი.
„ამ დრომდე, კომიტეტს გაგზავნილი არ აქვს ბიუროსთვის დასკვნა და მასალები. როგორ უნდა ჩაინიშნოს ბიუროზე ან სესიაზე მოსმენა, თუ კომიტეტმა მასალა არ მიაწოდა. ეს მიზანმიმართულად ხდება. ოხანაშვილმა რეგლამენტი არ იცის ან რეგლამენტს არღვევს. ორიდან ერთ-ერთია და განმარტება უნდა გააკეთოს, რატომ არ არის ამ დრომდე გაგზავნილი. დასკვნა და მასალები ბიუროზე სასწრაფოდ გაგზავნოს. თუ ამ კვირაში საკითხის განხილვა არ მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ვადები ხელოვნურად ჭიანურდება და რეგლამენტი ირღვევა“, – განაცხადა დეპუტატმა.
დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. პოლიტსაბჭოს განცხადება საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააცნო. როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად იქნა შემუშავებული. ასევე, მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა რაოდენობა განახევრდება და სასამართლოების გადატვირთულობისა და საქმეთა განხილვის გაჭიანურების თვალსაზრისით პრობლემა გაღრმავდება.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ განწესების შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.