ეკა ბესელია - „ევროპული საქართველოს“ წევრები უნდა ჩამოყალიბდნენ, სავალდებულოა თუ არა მათ მიერ მომზადებული რეკომენდაციები
ქვეყანაში იმისთვის არსებობს მართლმსაჯულება, რომ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულ დასკვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.
„უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის. როდესაც ვლაპარაკობთ პასუხისმგებლობის საკითხზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო ქვეყნის მთავარმა პროკურორმა და ის გადადგა თანამდებობიდან. სწორედ ეს იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, რადგან პროკურატურა ზედამხედველობდა გამოძიების მიმდინარეობას, ის იყო სასამართლოში მხარე. განაჩენის შემდეგ როდესაც დარჩა კითხვები, მთავარი პროკურორი სწორედ პასუხისმგებლობის აღების ტვირთით გადადგა. ახლა უკვე შურისძიება და პერსონალური ვენდეტები არ მგონია, რომ სამართლიანობას ემსახურებოდეს, ეს აზიანებს პროცესს. ამიტომაც, პარლამენტს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია ემოციურად ასეთი ნაბიჯების გადადგმა, აქვს ვალდებულება, არ გასცდეს კანონის კონსტიტუციის ჩარჩოს და გააკეთოს ის, რაც მისი გასაკეთებელია“, – აღნიშნა ბესელიამ.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის დასკვნაში წერია, რა არის დარღვევა და რა უნდა გაკეთდეს.
„ამ ქვეყანაში იმისთვის არსებობს მართლმსაჯულება, რომ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. იქნებ, აპელაცია ცვლის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, იქნებ, სხვა შედეგი და სხვა სურათი იკვეთება, ამიტომ არ შეიძლება მოვლენებს გავასწროთ და არ დაველოდოთ მართლმსაჯულების აღსრულებას. ოთარ კახიძე და მისი კოლეგები უნდა ჩამოყალიბდნენ, როდესაც ამბობენ, რომ რეკომენდაციები, რომელსაც ისინი იძლევიან ერთი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალის წარდგენაში, ამბობენ, რომ არ არის სავალდებულო რეკომენდაცია. თუ ამბობენ, რომ არ არის სავალდებულო რეკომენდაცია, მაშინ, რა უნდა შეასრულოს გამოძიებამ. ამიტომ ჩამოყალიბდნენ. თუ ამბობენ, რომ არ არის სავალდებულო, მაშინ რას ნიშნავს რეკომენდაციის შესრულება“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას აქვს კონკრეტული რეკომენდაციები, რომლის მიხედვით, პლენარული სესიისთვის მომზადდება დადგენილების პროექტი.
„სესიას წარედგინება განსხვავებული მოსაზრებები, დასკვნაც, ხოლო კენჭისყრა ჩატარდება დადგენილების პროექტზე და დადგენილებაში იქნება როგორც ფაქტობრივი ინფორმაცია, ასევე რეკომენდაციები. კენჭი ეყრება დადგენილებას და არა დასკვნას“, – დასძინა ეკა ბესელიამ.