ეკა ბესელია - დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა გაბედული და დემოკრატიული ნაბიჯია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, თამამი, გაბედული და დემოკრატიული ნაბიჯია.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დიდი ხანია სამოქალაქო საზოგადოება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ელოდება.
“ეს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი გარანტიების შექმნას ემსახურება. ასეთი მექანიზმით სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, დანაშაულებრივი ქმედება არ დაუშვას და თუ ეს მოხდა, მასზე ეფექტური რეაგირების მექანიზმი ჰქონდეს. ეს იმ მძიმე მემკვიდრეობიდან მოდის, რომელიც წარსულში ჩადენილ მძიმე ფაქტებს უკავშირდება”, – განაცხადა ბესელიამ.
დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2019 წლის პირველი იანვრიდან შეიქმნება.