მთავრობა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საკანონმდებლო პაკეტს დღევანდელ სხდომაზე განიხილავს 
მთავრობა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საკანონმდებლო პაკეტს დღევანდელ სხდომაზე განიხილავს 

საქართველოს მთავრობა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს მთავრობის დღევანდელი სხდომაზე განიხილავს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ეს ვალდებულება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტრო შემოდის ამ ინიციატივით. იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაული, არასათანადო მოპყრობა და გადაცდომები უნდა დაექვემდებაროს საგამოძიებოდ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს უწყების აბსოლუტურ დამოუკიდებლობას და ამ იერარქიული დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი იქნება პარლამენტი.

„გათვალისწინებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ის დაფუძნებულია ძირითად პრინციპზე, რომლებიც წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში არსებობს და არის აპრობირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვამტკიცოთ მოსახლეობის ნდობა სამართალდამცველების მიმართ, ამ კუთხით მოგეხსენებათ, რომ შსს-ში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს, ასევე განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები პროკურატურაში. მოგეხსენებათ, რომ მესამე ნაკადის რეფორმა სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს. ვფიქრობ, ეს მექანიზმი კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი იქნება, რომელიც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ნდობის ამაღლებას სამართალდამცველი უწყებების მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამართალდამცველებს ჰქონდეთ ობიექტურობის შეგრძნება, რომ ისინი იქნებიან წახალისებული, როდესაც კანონიერად იმოქმედებენ და იქნება მექანიზმი, რომელიც განიხილავს მათ მიერ შესაძლო გადაცდომებს. იუსტიციის მინისტრი წარმოდგენს მთავრობის სხდომაზე დღეს ამ საკითხს და დარწმუნებული ვარ, რომ მოკლე პერიოდში ამოქმედდება მექანიზმი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კანონმდებლობის მიხედვით საქართველოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება.  ახალ საგამოძიებო მექანიზმს, რომელსაც კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეწოდება, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს.