ეკა ბესელია - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ძალიან მწვავე და ყურადსაღებია
ეკა ბესელია - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ძალიან მწვავე და ყურადსაღებია

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ძალიან მწვავე და ყურადსაღებია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში სასმართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებაზე საუბრობს, რაც ყურადსაღებია.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების პირველი ნაწილი, სადაც სასამართლო რეფორმის მე-4 ეტაპის ფარგლებში მომზადებულ ცვლილებებზეა საუბარი, სხვათა შორის ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდშია მომზადებული. როდესაც დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და სკოლის რეფორმა მოვამზადეთ, ეს უკვე იყო შეთანხმებული საერთაშორისო პარტნიორებთან და ამას სულ ტყუილად დაიბრალებს მმართველი პარტია. ეს არის ის ეტაპი, როდესაც ვმუშაობდი, სწორედ მე-4 ეტაპის რეფორმის ფარგლებში. მაგრამ ის, რაც ეხება უკვე უშუალოდ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის ნაწილს, ყველაზე მწვავე არის განსაკუთრებით ორი აქცენტი, პროკურატურისა და სასმართლოს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების მოთხოვნა.

სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში სასმართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებაზე საუბრობს. რეალურად, რომ შევხედოთ, ეს არის ძალიან მწვავე შეფასება. იმიტომ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მთავარი ინდიკატორები არის სწორედ მართლმსაჯულება და პროკურატურა, რომელიც სახელმწიფოს სახელით დევნას ახორციელებს. ეს შეფასებები საკმაოდ მწვავე და ყურადსაღებია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, როდესაც განცხადებაში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მნიშვნელობა გამოყოფილია, რაც ნიშნავს, რომ დიალოგი კონკრეტული შედეგით უნდა დასრულდეს.

„როდესაც დიალოგისა და მოლაპარაკებების მნიშვნელობა მკვეთრად გამოყოფილია, იმას ნიშნავს, რომ აქ შედეგს ელოდებიან ჩვენი მთავრი პარტნიორები. მოლაპარაკების პროცესი თავისთავად არის პოზიტიური სტარტი, მაგრამ მას აუცილებლად უნდა ასრულებდეს ფინალური შეთანხმება, ხელისუფლების მხრიდან მზაობა, რომ შეიცვლება საარჩევნო გარემო. ეს არის მთავარი, თორემ მხოლოდ მოლაპარაკების პროცესი, რომელიც შეიძლება დასრულდეს ფუჭად, ეს არ იქნება აღქმული დადებითად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიმა  ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია: „ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განამტკიცოს დემოკრატიის პრინციპებისადმი, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო და პროკურატურის სისტემის უზრუნველყოფით. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“.