ეკა ბესელია აცხადებს, რომ პროკურატურის რეორგანიზაცია საჭირო შედეგებს მოიტანს
ეკა ბესელია აცხადებს, რომ პროკურატურის რეორგანიზაცია საჭირო შედეგებს მოიტანს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პროკურატურის რეორგანიზაციას გამართლებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ რეფორმა საჭირო შედეგის მომტანი იქნება. ამის შესახებ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობ, რეორგანიზაცია ძალიან კარგი ეტაპია ახალი მთავარი პროკურორის არჩევის ფონზე. რეფორმები კვლავაც უნდა გაგრძელდეს. შესაბამისად, ახალ პროკურორს ამ  კუთხით თავისი ხედვა აქვს და  ვფიქრობ, რომ ეს სინქრონში მოხდება. პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართება. ეს არის ერთიანი პროცესი და დარწმუნებული ვარ,  ისეთი ტიპის შედეგებს მოიტანს, რომელიც ამ უწყების სიძლიერისთვის არის საჭირო”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში ცვლილებები შეეხება მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები, ასევე განხორციელდება სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაცია და მრავალ კომპონენტიანი შეფასების სისტემა.