ეკა ბესელია აცხადებს, რომ ცხრა დეპუტატის ინიცირებული კანონპროექტის სესიაზე ჩავარდნის შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყება
ეკა ბესელია აცხადებს, რომ ცხრა დეპუტატის ინიცირებული კანონპროექტის სესიაზე ჩავარდნის შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყება

ახლა აღარ არის ნიღბებისა და კეკლუცობის დრო. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის შემდეგ განუცხადა.

ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის იურიდიულ კომიტეტზე ჩავარდნის შემდეგ, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ჯერ შესაბამისი პროცედურებია გასავლელი და კანონპროექტი პლენარულ სესიაზე უნდა გავიდეს.

„ჯერ ნუ ჩქარობთ, წინ არის სესია. დაველოდოთ, მივყვეთ პროცედურებს. ვნახოთ, რამდენი კოლეგა გაიზიარებს ამ ინიციატივას, რომელსაც მხარს უჭერს საზოგადოების დიდი ნაწილი და რამდენი ადამიანი დადგება იმ პოზიციაზე, რომელიც აქვს იუსტიციის საბჭოს. ვნახოთ, სესიაზე როგორი იქნება მხარდამჭერთა რაოდენობა“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, პლენარულ სესიაზე საკითხის ჩავარდნის შემთხვევაში, კანონპროექტის ინიციატორ დეპუტატებს შემდგომი ნაბიჯები უკვე გათვლილი აქვთ.

„ამ ინიციატივის მხარდაჭერას ველოდები. მხარდაჭერაზე უარის თქმის შემთხვევაში, გვაქვს შემდეგი ნაბიჯი. ეს შემდეგი ნაბიჯი ახლავე შემიძლია, გითხრათ. იქნება კონსტიტუციური ცვლილება, რომლის ხელმოწერებსაც დავიწყებთ და კიდევ ერთი ლუსტრირება მოხდება იმ ადამიანის, ვინც ამ პარლამენტში გამოხატავს არა ხალხის ნებას, არამედ მცირე ჯგუფისას, რომელიც წარმოადგენს იუსტიციის საბჭოს ნაწილს და სასამართლოს ნაწილს. ახლა აღარ არის ნიღბებისა და კეკლუცობის დრო. ახლა არის დრო, როდესაც ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.