DW-ს ჟურნალისტის კითხვა სააკაშვილს - ოდესის გუბერნატორობა არასაკმარის სტატუსად მიგაჩნიათ, თქვენ მეტი ძალაუფლება გსურთ, ასე არ არის?
ბატონო სააკაშვილო, პრობლემა იმაშია, რომ ოდესის გუბერნატორის თანამდებობა თქვენ არასაკმარის სტატუსად მიგაჩნიათ, თქვენ მეტი ძალაუფლება გსურთ, ასე არ არის? – ეს კითხვა მიხეილ სააკაშვილს „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტმა ტიმ სებასტიანმა დაუსვა.
საქართველო ყოფილ პრეზიდენტთან ინტერვიუს დროს სებასტიანმა მიხეილ სააკაშვილს უთხრა, რომ მას მედიის მუდმივი ყურადღების ცენტრში ყოფნის დაუოკებელი სურვილი და ძალაუფლებისკენ სწრაფვა ამოძრავებს.
DW-ს ჟურნალისტის კრიტიკული კითხვები შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობას უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთანაც.
ჟურნალისტი – ბატონო სააკაშვილო, პრობლემა იმაში, რომ ოდესის გუბერნატორის თანამდებობა თქვენ არასაკმარის სტატუსად მიგაჩნიათ, ეს არ გაძლევდათ თქვენ საკმარის ძალაუფლებას, ამ დროს თქვენ მეტი ძალაუფლება გსურთ, ასე არ არის?
მიხეილ სააკაშვილი – ოდესის გუბერნატორის თანამდებობა ძალიან მაღალი თანამდებობაა უკრაინაში, რადგან სწორედ აქ გადიოდა კორუფციასთან და უკრაინის ერთიანობისთვის ბრძოლის ფრონტის ხაზი.
ჟურნალისტი – მაგრამ თქვენ თავად უთხარით ჟურნალისტებს დეკემბერში, რომ უკვე დაიგულეთ ადგილი მომავალ მთავრობაში, იდეალურ შემთხვევაში – პრემიერ-მინისტრის პოსტი? ესე იგი თქვენ ძალაუფლება კვლავ გწყურიათ? პირადი ძალაუფლება.
მიხეილ სააკაშვილი – ნება მომეცით განვმარტო – პოროშენკომ ორჯერ შემომთავაზა პრემიერ-მინისტრობა, მე უარი ვუთხარი. უარი ვთქვი, რადგან ვთვლიდი, რომ ეს თვალთმაქცობა იქნებოდა. მას იმ მომენტში ჩემი პოპულარობის გამოყენება სურდა, რათა ასეთი პიარნაბიჯი გადაედგა. მაგრამ როდესაც ვკითხე, შევძლებ ჩემი მინისტრების დანიშვნას? შევძლებ ახალი არჩევნების დანიშვნას, თუ მართლაც სურს ცვლილებები: მან ეს აბსოლუტურად გამორიცხა.
ამიტომ, ვთქვი უარი ამ სამსახურზე. მაგრამ თუ ჩავატარებთ ახალ არჩევნებს, თუ ელიტა შეიცვლება და თუ ხალხს მოუნდება რომ მე ვიყო პრემიერ-მინისტრი, მაშინ რატომაც არა? მზად ვარ ვიტვირთო პასუხისმგებლობა.