თინათინ ბერძენიშვილი - კონსტრუქციული ახალი ამბები არის მომავალი, რომელიც უნდა შევქმნათ დღეს
თინათინ ბერძენიშვილი - კონსტრუქციული ახალი ამბები არის მომავალი, რომელიც უნდა შევქმნათ დღეს

საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა 21 ივნისს გერმანიაში, ქალაქ ბონში „დოიჩე ველეს“ გლობალური მედიაფორუმ​ის (Global Media Forum) სადისკუსიო პანელში მიიღო მონაწილეობა.

თინათინ ბერძენიშვილმა მედიაფორუმის პანელზე: „ახალი ამბები – მეტი ვიდრე საზოგადოებრივი აზრის ბარომეტრი“, ისაუბრა, რატომ არის კონსტრუქციული თხრობა მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჟურნალისტიკისთვის, არამედ დემოკრატიის ხელშეწყობისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან ერთად პანელში მონაწილეობა მიიღო დანიაში, ორჰუსის უნივერსიტეტში არსებული კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელმა, ულრიკ ჰააგერუპმა, გამომცემლობა „გარდიანის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კორესპონდენტმა და ვაშინგტონის ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა, კონსტრუქციული ინსტიტუტის წარმომადგენელმა ევენ მაკესკილმა, ბონის ინსტიტუტის ჟურნალისტმა და ბორდის წევრმა მელანი სტაინმა.

Global Media Forum-ის შემდეგ, 22 ივნისს, ასევე ქალაქ ბონში თინათინ ბერძენიშვილმა მონაწილეობა მიიღო კონსტრუქციული ჟურნალისტიკის მეოთხე გლობალურ კონფერენციაში, სახელწოდებით „მოუსმინე ხმამაღლა“ (Listen Louder).

პანელზე – „რატომ ირჩევენ მედიალიდერები კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას, როგორც სარედაქციო სტრატეგიას“ განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პოლარიზაცია, როგორც მორიგი პანდემია; დემოკრატიის, მედიისა და პოლიტიკის მიმართ ნდობის შემცირების პირობებში ახალი ამბების გაშუქების თავიდან გააზრება. ასევე დაისვა კითხვები, როგორ გავაშუქოთ ომი და კონფლიქტი კონსტრუქციულად, როგორ წარვმართოთ დიალოგი კონფლიქტის გაშუქებისას და სხვ.

თინათინ ბერძენიშვილთან ერთად, პანელში მონაწილეობა მიიღეს დანიის ტელევიზიის (TV2 Fyen) დირექტორმა ესბენ სეერუპმა,  The Times of London-ის აღმასრულებელმა რედაქტორმა ჯერემი გრიფინმა და „დოიჩე ველეს“ აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დებარალი გუჰამმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვეა, საქართველოს პირველი არხი ახალი ამბების გაშუქების ახალ და ევროპის წამყვან ქვეყნებში უკვე დამკვიდრებულ სტანდარტს – კონსტრუქციულ ჟურნალისტიკას ნერგავს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის 11-მა ჟურნალისტმა უკვე გაიარა კურსი დანიაში, ორჰუსის უნივერსიტეტის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ინსტიტუტში. გადამზადების პროცესი 2022 წლის სექტემბერში გაგრძელდება.