დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხევდავში ძვ.წ.აღ.-ის პირველი საუკუნის სამაროვანი აღმოაჩინეს [ფოტო]
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხევდავში ძვ.წ.აღ.-ის პირველი საუკუნის სამაროვანი აღმოაჩინეს. გათხრილია ოთხი სამარხი, რომლებშიც მიცვალებულები წინარე ქრისტიანული ხანის საქართველოსათვის დამახასიათებელი, ე.წ. ემბრიონის პოზაში არიან დაკრძალულები.
სამაროვანში შავი ფერის ლანგრები, წითლად მოხატული ჯამი, ხელადა და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, რკინის შუბისპირი აღმოჩნდა. საბრძოლო იარაღი ამ პერიოდის სამარხებში იშვიათად ჩნდება და ამ თვალსაზრისით ციხევდავი ერთ-ერთი გამონაკლისია.
ექსპედიციის ხელმძღვანელი დავით სულხანიშვილი განმარტავს, რომ ეს იყო სადაზვერვო ხასიათის გათხრები. ფართომასშტაბიანი სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.