„არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარების“ პროგრამის განხორციელების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
„არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარების“ პროგრამის განხორციელების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ხუთმა მონაწილე მხარემ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარების“ პროგრამის განხორციელების შესახებ. ღონისძიება დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა.

მემორანდუმი ერთმანეთთან აკავშირებს, ერთი მხრივ, განვითარების სფეროში ჩეხეთის, ავსტრიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების დახმარებასა და მეორე მხრივ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტს, არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი განვითარების მიზნით.

ჩეხეთის საელჩოს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში:
• გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის გზით;
• გაუჯობესდება განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების ხარისხი რეგიონში;
• დაიხვეწება კარგი მმართველობისა და გარემოსადმი მეგობრული მართვის პრაქტიკა რეგიონში, ტყეების მდგრადი განვითარების ჩათვლით.

პროგრამა 2018-2024 წლებში ხორციელდება და მისი საერთო ბიუჯეტი 2.3 მილიონი ევროა, რომლის 61 პროცენტსაც ჩეხეთის განვითარების სააგენტო დაფარავს, ხოლო 30 პროცენტს – ავსტრიის განვითარების სააგენტო. სლოვაკეთის რესპუბლიკა საერთო ბიუჯეტის ცხრა პროცენტს დაფარავს, ხოლო საქართველოს მხრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დუშეთის მერია პროგრამას ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას გაუწევენ.

პროგრამა ნაწილობრივ უკვე დაწყებულია და აქტივობები ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით, როგორიცაა ახლად შექმნილი არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის გადამზადება მდგრად მართვასა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში, საგრანტო კონკურსები ადგილობრივი მცირე ბიზნესისთვის, რომლებსაც „ფიფლ ინ ნიდი“ ახორციელებს და ტყის აღრიცხვისა და მდგრადი გამოყენების ინიციატივა, რომელიც ასევე წვლილს შეიტანს არაგვის დაცული ლანდშაფტის ეფექტიან მართვაში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პეტრ მიკისკამ, საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტომას მიულმანმა, საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაველ ვიზდალმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ. პროგრამის გუნდმა და განმახორციელებლებმა წარადგინეს მოკლე პრეზენტაციები უკვე განხორციელებული აქტივობების შედეგების შესახებ.

„ეს პროგრამა დაიწყო ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის მიმართულების ფარგლებში, როგორც მოკრძალებული ინიციატივა ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის ტერიტორიების განვითარების მხარდასაჭერად, თუშეთის დაცულ ტერიტორიებში ჩვენს წინა წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. დროთა განმავლობაში პატარა პროექტი გადაიზარდა მულტისექტორულ ინიციატივაში, რომელსაც მხარს უკვე რამდენიმე დონორი უჭერს. მართალია, პროგრამა ჩვენს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პრიორიტეტში ჯდება, ჩვენ ვცდილობთ, რომ მას გადაკვეთა ჰქონდეს სხვა მიმართულებებთანაც, რომლებსაც ასევე მხარს ვუჭერთ რეგიონში, როგორებიცაა პირველადი ჯანდაცვის სექტორის განვითარების მხარდაჭერა, მცირე საგრანტო პროექტები (არაგვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის პროექტი) და სხვა დაგეგმილი აქტივობები სოციალური ინკლუზიისა და კატასტროფების რისკის შემცირების (მეხანძრეთა გადამზადება) მიმართულებით“, – განაცხადა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა პეტრ მიკისკამ.