დუშეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა
დუშეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

დუშეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა სოფლების, ჯაღმიანისა და ზაქათკარის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს.

მათივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ მათ მამაპისეული მიწები წინასაარჩევნოდ ჯერ დაუკანონა, ახლა კი ართმევს.

როგორც ისინი ამბობენ, ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობის გამო, აღნიშნული მიწის ნაკვეთების ფასი გაასმაგებულია. ადგილობრივების განმარტებით, მათ გამოკითხვებზე იბარებენ და ეუბნებიან, რომ ეს ნაკვეთები თაღლითური გზით აქვთ გადაფორმებული.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა, მიწების მათ საკუთრებაში დარჩენა ან სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაცია.

აქციაზე იმყოფებიან „გირჩის“ ლიდერები სანდრო რაქვიაშვილი და იაგო ხვიჩია. მათი განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან მოხდა ამ ადამიანების საარჩევნოდ გამოყენება, მოტყუება და თაღლითებად გამოცხადება.

„ეს ადამიანები ითხოვენ, რომ სახელმწიფომ შეწყვიტოს მათ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები. პოლიციამაც და ყველამ იციან, რომ ეს ადამიანები თაღლითები არ არიან, უბრალოდ იმის გამო, რომ წინასაარჩევნოდ საჭირო გახდა ამ ხალხის თაღლითად გამოცხადება, მერე ვითომ მათი განთაღლითება, აი, ამის გამო ხდება ეს ყველაფერი და არა იმის გამო, რომ მართლა თაღლითები არიან. ამ ადგილას არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მთელ საქართველოში 2020 წლის არჩევნების წინ მთავრობამ თავისი გამგებლების, რწმუნებულების მეშვეობით დაამობილიზა ის, რომ სოფლის მოსახლეობას შეჰპირდა მიწების რეგისტრაციას, თუ ხმას მისცემდნენ. ჩემი აზრით, მთელ საქართველოში, ვისაც ეს პრობლემა აქვს, უნდა გამოვიდეს ხალხი და დაინახონ. თუ ერთმანეთს დაინახავენ, ვერავის გაათაღლითებენ, რადგან მთელ ქვეყანას ვერავინ გამოაცხადებს თაღლითებად. ჩვენ არ ვართ სამყაროში ყველაზე თაღლითი ქვეყანა, თაღლითმა მთავრობამ მოგვიწყო სინამდვილეში, რომ ხალხია თაღლითი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

აქციას შეუერთდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელიც, რომელიც ადგილობრივებს არსებული მდგომარეობის მოკვლევასა და გვერდში დგომას დაჰპირდა.