აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დამოუკიდებელი პროკურორი რობერტ მიულერი მწვავედ გააკრიტიკა. ტრამპი მიიჩნევს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიებაში, რომელსაც რობერტ მიულერი ხელმძღვანელობს, ზედმეტად დიდი თანხა დაიხარჯა.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე ზემოთ ხსენებული საქმის გამოძიებას 17 მილიონი დოლარი მოხმარდა.
„არავითარი საიდუმლო შეთანხმება ჩემ საარჩევნო შტაბსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არ გამოკვეთილა. ეს გამოძიება კი ზედმეტად ძვირი უჯდებათ ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფო გადასახადებს იხდიან“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
გამოძიების პროცესში პირველი დეტალები 2018 წლის 16 თებერვალს გამოიკვეთა, როცა რუსეთის 13 მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მათგან სამს კონსპირაციულ პროექტ „ლახტა“-ში მონაწილეობაში ადანაშაულებენ, ხუთს კი ამერიკის მოქალაქეების პირადი მონაცემების მითვისებას ედავებიან. ბრალდებაში დასახელებულია სამი რუსული კომპანიაც, მათ შორის ე.წ. ტროლების ქარხანა. აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენშტეინმა მაშინ განაცხადა, რომ რუსეთმა ამერიკას ინფორმაციული ომი ღიად გამოუცხადა.
2018 წლის 6 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა შვიდ რუს ოლიგარქს, 17 პოლიტიკოსსა და 12 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. სანქციები სწორედ ამერიკის არჩევნებში ჩარევის საქმის გამოძიების ფარგლებში ამოქმედდა. სანქცირებულ რუს ოლიგარქებს შორის არიან „გაზპრომის“ და „რუსალ“-ის დირექტორები ალექსეი მილერი და 28 მილიარდის მფლობელი ოლეგ დერიპასკა, ასევე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი. მიულერის გუნდი ვარაუდობს, რომ მათ უკანონოდ დააფინანსეს ტრამპის კამპანია, ამისთვის კი, შეერთებული შტატების მოქალაქეები გამოიყენეს.
ამ ეტაპზე, დონალდ ტრამპი ბრალდების სამიზნედ არ განიხილება, ის მხოლოდ გამოძიების ფიგურანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულება გამოძიებას ამ დრომდე არ მოუპოვებია. თეთრ სახლში დიდი ხანია აცხადებენ, რომ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასა და კრემლს შორის, არავითარი საიდუმლო კავშირი არ ყოფილა.
ინფორმაციული ომი და კიბერშეტევა 2016 წელს ძირითადად, სანქტ-პეტერბურგში მდებარე ე.წ. ტროლების ქარხნიდან ხორციელდებოდა. ეს არის ოთხსართულიანი შენობა, აღჭურვილი უმაღლესი ტექნოლოგიით, სადაც დამწყებ თანამშრომლებს ყოველთვიურად 700 აშშ დოლარს უხდიდნენ. ე.წ. ტროლების ქარხანას, რომელსაც რუსეთში ინტერნეტის კვლევის სააგენტოს უწოდებენ, ამერიკის პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად ორი თვის წინ წაუყენა.