აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
ამის შესახებ ტრამპმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დროა, ოფიციალურად ვაღიაროთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად. თითქმის ოცწლიანი უარის შემდეგ ჩვენ ვერ მივუახლოვდით ისრაელსა და პალესტინას შორის გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებას”, – აღნიშნა ტრამპმა.
იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. დონალდ ტრამპს თელავივში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იერუსალიმში გადატანა სურს.
დიპლომატიური მისიის იერუსალიმში განთავსებას კონგრესმა ჯერ კიდევ 1995 წელს დაუჭირა მხარი, თუმცა რეგიონში რთული მდგომარეობის გამო, გადაწყვეტილება ამ დრომდე არ აღასრულა.
იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირების მთავარი საგანია. ისრაელი იერუსალიმს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს. პალესტინელებს კი სჯერათ, რომ ის მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქია.
1993 წლის შეთანხმებით, ამ ქალაქის სტატუსი სამშვიდობო მოლაპარაკებებით უნდა განისაზღვროს. მუსლიმური ქვეყნების ლიდერები ვაშინგტონს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემთხვევაში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ აფრთხილებდნენ.