დონალდ ტრამპის მრჩეველსა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
ჟენევაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, დონალდ ტრამპის მრჩეველსა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს შორის შეხვედრა დაიწყო. ჯონ ბოლტონსა და ნიკოლაი პატრუშევს შორის მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
თეთრი სახლის ლიდერის მრჩეველთან შეხვედრამდე ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ ჯონ ბოლტონთან რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას განიხილავს.
ამასთან ერთად, უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრას ოპტიმისტურად უყურებს.
„ჩვენ საკმარისად ბევრი შეთავაზება გვაქვს და ვფიქრობ, ამ შეთავაზებებს ამერიკელები განიხილავენ“, – განაცხადა ნიკოლაი პატრუშევმა ბოლტონთან შეხვედრის დაწყებამდე.
აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე საუბართან ერთად ჯონ ბოლტონი და ნიკოლაი პატრუშევი სირიაში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთის ცხელი წერტილიდან ისლამური რესპუბლიკის სამხედრო წარმომადგენლობის გაყვანა უნდა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, დონალდ ტრამპის მრჩეველი რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს აქცენტს სწორედ ამ თემაზე გააკეთებს.