დონალდ ტრამპი - ჩვენი ძლიერი დოლარის მიმართ თურქული ლირა სწრაფად მიდის დაბლა
აშშ-ის პრეზიდენტმა თურქეთისთვის ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული ტარიფები გააორმაგა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
„ახლახან, თურქეთთან მიმართებით ფოლადსა და ალუმინზე ტარიფები გავაორმაგე, რამდენადაც მათი ვალუტა, თურქული ლირა, სწრაფად მიდის დაბლა ჩვენი ძლიერი დოლარის მიმართ. ახლა ალუმინზე 20% და ფოლადზე 50% იქნება. ჩვენი ურთიერთობები თურქეთთან ამჟამად კარგი არ არის“, – ვკითხულობთ ტრამპის გვერდზე „ტვიტერში“.
ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობები ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაკავების გამო დაიძაბა. მას 2016 წლის 15 ივლისის წარუმატებელი სამხედრო ამბოხის მხარდაჭერაში ედება ბრალი, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, პასტორს 35 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ცოტა ხნის წინ ენდრიუ ბრანსონი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. თუმცა, ვაშინგტონი მის გათავისუფლებას მოითხოვს.
თურქეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები, კერძოდ, 25% ფოლადზე და 10% ალუმინზე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მარტში დააწესა. შედეგად, ლირის კურსმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა. დღეისათვის ერთი აშშ დოლარი, 6.30 თურქული ლირის ექვივალენტია.