რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დედოლარიზაციის გეგმა გამოაცხადა, შედეგად თურქული ლირა მცირედით გამყარდა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დედოლარიზაციის გეგმა გამოაცხადა, შედეგად თურქული ლირა მცირედით გამყარდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დედოლარიზაციის გეგმა გამოაცხადა, რის შედეგადაც თურქეთის ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დღეს თურქული ლირა დოლართან მიმართებით დაახლოებით 15%-ით გამყარდა. დღეს დილით ერთი დოლარი 11,6 ლირა ღირდა.

თურქეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ სახელმწიფო გასცემს გარანტიებს, რათა ეროვნულ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები ბაზარზე არსებული რყევებისგან დაცული იყოს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა, დოლარში არსებული დეპოზიტები ლირაში გადაიყვანონ. როგორც თურქეთის ბანკების ასოციაციაში განაცხადეს, პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობით ანაბრების ლირაში კონვერტაცია მოხდა.

ერდოღანის მიერ ხელისუფლების ახალი ინიციატივის გასაჯაროებამდე ერთი ამერიკული დოლარი 18,4 ლირა ღირდა. ლირის გამყარებას მთავრობამ გამარჯვება უწოდა, თუმცა ეკონომისტების ნაწილი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი უგუნურია და ინფლაციის ზრდას გამოიწვევს. ამჟამად თურქეთში ინფლაცია 21%-ს აღწევს.