თურქული ლირა დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა
თურქული ლირა დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა

თურქული ლირა დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა. „როიტერის“ ცნობით, პირველ დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარი 14 თურქული ლირა ღირდა.

სააგენტოს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან დღემდე, თურქეთის ეროვნული ვალუტა 45%-ით გაუფასურდა. მხოლოდ ნოემბერში ლირა დოლართან მიმართებით 28%-ით გაიაფდა.

ლირის გაუფასურება იმ ფონზე მოხდა, როდესაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვლავ დაუჭირა მხარი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას, რასაც ეკონომისტების ნაწილი არ ეთანხმება.

ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩეული კურსის გადახედვას არ აპირებს.

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა სექტემბერში საპროცენტო განაკვეთი 400 პუნქტით დასწია და როგორც მოსალოდნელია, დეკემბერში ეს ტენდენცია გაგრძელდება.

„როიტერის“ ცნობით, ვალუტის გაუფასურების ფონზე, თურქეთში ინფლაცია 20%-ს აღწევს.

ლირის გაუფასურების ფონზე, თურქეთის ოპოზიციამ ხელისუფლებას მონეტარული პოლიტიკის გადახედვისკენ და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.

ოფიციალური მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში თურქეთის ეკონომიკა 7,4%-ით გაიზარდა. ერდოღანი და მისი მთავრობა ამტკიცებენ, რომ ფასების ხანმოკლე ზრდის მიუხედავად, მათ მიერ არჩეულმა მონეტარულმა პოლიტიკამ სტიმული უნდა შესძინოს ექსპორტსა და სამუშაო ადგილებს, რაც ეკონომიკას გაზრდის.

„ეკონომიკური ინდიკატორები დადებითია. ჩვენი ქვეყანა ახლა იმ ეტაპზეა, რომ ხაფანგიდან თავს დააღწევს. უკან მისაბრუნებელი გზა არ არსებობს. თურქეთი არ იცხოვრებს გაცვლითი კურსის, ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების მახეში“, – განაცხადა ერდოღანმა.