კაია კალასი – მაშინ, როდესაც პუტინი შენჟენში, წითელ ხალიჩაზე დადიოდა, რუსეთის იერიშების შედეგად კიევში რამდენიმე ევროპული და არაევროპული ქვეყნის საელჩო დაზიანდა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს, რომ კიევზე რუსეთის დღევანდელი თავდასხმის გამო ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენელს დაიბარებენ.
„დიპლომატიური წარმომადგენლობები დაცულია საერთაშორისო სამართლით. რუსეთის უპატივცემულობა საერთაშორისო სამართლის მიმართ ყოველდღიურად ვლინდება. დღევანდელი თავდასხმების საპასუხოდ, ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენელს დავიბარებთ. ასევე, გავზრდით უკრაინის დახმარებას და გავაძლიერებთ ზეწოლას რუსეთზე, რათა მან ომი დაასრულოს“, – წერს კალასი.
ამასთან, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბეატე მაინლ-რაიზინგერის განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, კიევში დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა, თუმცა საელჩოს თანამშრომლებს შორის არავინ დაშავებულა.
„ახლახან ტელეფონით ვესაუბრე ჩვენს გუნდს ადგილზე და ძალიან მიხარია, რომ ყველა ცოცხალი და ჯანმრთელია. ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი კოლეგების უსაფრთხოებაა“, – წერს მაინლ-რაიზინგერი.
მისივე თქმით, დამატებითი ზომების მიღების განკარგულება გასცა, რათა ავსტრიის საელჩოს თანამშრომლების უსაფრთხოება კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული.
ამასთან, რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმის შედეგად, ერთ-ერთი დრონი ნიდერლანდების საელჩოს უკან მდებარე შენობას მოხვდა. გარდა ამისა, რუსული დრონის ნამსხვრევები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე ჩამოვარდა.