ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროპელები რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ, აშშ-ს ესმის, თუ რატომ არის საჭირო ამ მოლაპარაკებებში ევროპის აქტიური და კოორდინირებული მონაწილეობა

23:26, 19.11.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ოთხმხრივ ფორმატში უნდა გაიმართოს, რომელშიც უკრაინა, რუსეთი, აშშ და ევროპა მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც ზელენსკიმ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოლაპარაკებებში ევროპას ხუთი ქვეყანა, ევროკავშირი და ნატო წარმოადგენენ.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროპელები რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ. ეს მნიშვნელოვანია. სწორედ უკრაინა უჭერდა ყველაზე აქტიურად მხარს მიდგომას, რომლის თანახმადაც ევროპა ყველა მოლაპარაკებაში უნდა მონაწილეობდეს. ახლა ეს მიღწეულია. ევროპას ხუთი ქვეყანა, ასევე ევროკავშირი და ნატო წარმოადგენენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აშშ აცნობიერებს, რატომ არის აუცილებელი მოლაპარაკებებში ევროპის აქტიური და კოორდინირებული მონაწილეობა.

„დღეს აშშ-ის წარმომადგენლებთან ცალკე კიდევ ვისაუბრებთ მომდევნო შეხვედრაზე. უნდა გაიმართოს ოთხმხრივი შეხვედრა უკრაინის, ევროპის, ამერიკისა და რუსეთის მონაწილეობით. ამის დიდი იმედი გვაქვს. შეხვედრის დღის წესრიგი ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ და შევათანხმოთ. უკრაინამ, ევროპამ და ამერიკამ ერთად უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, რათა რუსეთმა რეალურ და კონკრეტულ საკითხებზე იმუშაოს და დრო ფუჭად არ დაკარგოს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანები იღუპებიან, ჩვენი თანამოქალაქეები, უკრაინელები“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მხრიდან რუსეთის მიმართ ზეწოლის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ვაშინგტონის გავლენის იმედი აქვს.

ამასთან, ზელენსკის თქმით, არ არის დარწმუნებული, აქვთ თუ არა კიევსა და ვაშინგტონს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ერთნაირი ხედვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიებზე.

როგორც ზელენსკიმ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამერიკელმა პარტნიორებმა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით რუსეთთან შეთანხმების შესახებ ისაუბრეს, თუმცა მისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია, კონკრეტულად რას გულისხმობს ვაშინგტონი ამ გარანტიებში.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ მეხუთე მუხლს ერთნაირად აღვიქვამთ. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალები იქნებიან განლაგებული. ამიტომ ჩემი კითხვაა: რა იქნება ამერიკელი ჯარისკაცების შემთხვევაში? მოხარულები ვიქნებოდით, ჩვენს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზები რომ გვქონდეს, ისეთივე, როგორიც ახლო აღმოსავლეთშია. არსებობს ამ კითხვაზე პასუხი? ჯერჯერობით არა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, როგორი იქნება პარტნიორების რეაგირება რუსეთის მხრიდან უკრაინაზე შესაძლო განმეორებითი თავდასხმის შემთხვევაში.

„რას გააკეთებენ პარტნიორები, თუ, უფრო სწორად, არა თუ, არამედ როდესაც რუსეთი კვლავ შეეცდება უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმას? ეს მკაფიოდ უნდა ესმოდეთ არა მხოლოდ პარტნიორებს, არამედ საზოგადოებასაც და იმ ინვესტორებსაც, რომლებიც უკრაინაში შემოვლენ. მათ კონკრეტული პასუხები სჭირდებათ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი